დასანანია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არა ერთ უზუსტობას და დამახინჯებულ ფაქტს შეიცავს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში წერია. სებ–ი ეხმაურება თანამშრომლების დაინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ღირებულება მისი თანამშრომლებია. თითოეული მათგანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კოლეგების მდგომარეობა, რომლებიც ამ წუთებში სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობენ.
დასანანია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არა ერთ უზუსტობას და დამახინჯებულ ფაქტს შეიცავს. ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა და დღესაც ეფუძნება ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციებს. ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შემდგომ ბანკმა გაატარა მრავალი ღონისძიება, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ რომ თანამშრომელთა უსაფრთხოება იყო, ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააკეთა დეტალური განმარტება.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კოლეგები მალე დაამარცხებენ ვირუსს და კვლავ ეროვნულ ბანკს შემოუერთდებიან. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას", – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.




























