მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად დატოვა

სები

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. სებ-ის თანახმად, საქართველოში დაკრედიტების წლიური ზრდა 12.7%-ია, რაც წინა პერიოდში არსებულ მაღალ საკრედიტო ზრდაზე ნაკლებია, რის გამო სებ-ი აღნიშნავს რომ ეკონომიკურ ზრდასა და სესხების მშპ-სთან ფარდობას შორის უარყოფითი თანაფარდობა მცირდება, რის გამოც ამ ეტაპზე ბუფერის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

"2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, საკრედიტო აქტივობის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდა და 2025 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12.7% შეადგინა.

აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი კვლავ ბიზნეს სესხებმა შეიტანა. 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება.

ერთი მხრივ, პირველ სამ კვარტალში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და მეორე მხრივ, საკრედიტო აქტივობის ნორმალიზებამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის გაზრდა განაპირობა. კომიტეტის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ფონზე სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი ეტაპობრივად დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები