"ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ისეთია, რომ ის პრობლემების დაფარვით არის დაინტერესებული", - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ ფინანსისტმა და ბიზნესის მრჩეველმა ნიკა შურღაიამ განაცხადა. მან უძრავი ქონების სექტორში არსებული სირთულეების გამო საბანკო სექტორში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აშკარად არ გამოჩნდება, ვინაიდან სებ-ი პრობლემების დაფარვით არის დაინტერესებული.
„უძრავი ქონების სექტორი კრიზისშია, ძალიან ძნელი გახდა უძრავი ქონების გაყიდვა, ინტერესი დაწეულია, შესაბამისად, თუ ეს ხდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება პრობლემები უძრავი ქონების სექტორის გადახდისუნარიანობაში. როცა ეს პრობლემა დგება, ის აუცილებლად ბანკებზე აისახება. ჩემი ხედვით, ეს აშკარად არ გამოჩნდება, ვინაიდან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ისეთია, რომ ის პრობლემების დაფარვით არის დაინტერესებული... სამწუხარო რეალობა...“, - განაცხადა მან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადება გაიხსენა სავალუტო რეზერვების ზრდასთან დაკავშირებით:
„ცოტა ხნის წინ განაცხადა ქალბატონმა [ნათია] თურნავამ, რომ თურმე სავალუტო რეზერვების ზრდა არის მაღალი სტაბილურობით გამოწვეული. ჩვენ ახლა ქვეყანაში მაღალი სტაბილურობა გვაქვს? გასაგებია, რომ მისი მოვალეობაა, რომ სტაბილურობა განახორციელოს, მაგრამ ამავე დროს რეალობასარ უნდა დაშორდეს. ცენტრალური ბანკის მმართველი არ უნდა გადაიქცეს იმის მაბიძგებლად, რომ ვითომ ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება. ასე სანდოობას კარგავს არამარტო გაცნობიერებულ ინვესტორებსა და ბაზრის დეტალების მცოდნეებში, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებში. სანდოობის დაკარგვა კი ძალიან სახიფათოა, ვინაიდან შენს სიტყვას აღარ დაუჯერებენ. ცენტრალური ბანკის რეპუტაციას და ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ფინანსისტმა „ანალიტიკას“ ეთერში.
დეველოპერული სექტორის დაკრედიტება ძალიან შენელებულია... ბანკები უნდა გააქტიურდნენ - "იბერკომპანი"




























