პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მოექცევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით.
პარლამენტში "ქართული ოცნების" "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ინიციირებული ცვლილებებით, არც ერთი პარლამენტთან არსებული დაწესებულებები აღარ იქნება.
კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხასა და შრომის პირობებს კულტურის მინისტრი დაამტკიცებს. კულტურის მინისტრის პრეროგატივა იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.
კანონის პროექტის ინიციატორების მოლოდინით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასაქმებულ პირებზე სრულად გავრცელდება საჯარო სამსახურის კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ჩარჩოები და გარანტიები.
რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლიკების დეპარტამენტი შეიქმნება. დეპარტამენტი მთავრობის კოორდინაციის ქვეშ მოექცევა - მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლს მთავრობა განახორციელებს.