შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი ჩაირიცხა. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას კი 1 600-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
2024 წელს საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.