შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სულ 2 019 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 350-მა მოიპოვა.
ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად განხორციელდა - 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს კვლავ შეეძლოთ პროგრამების არჩევა.
შედეგად, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, უმაღლესი განათლების რეფორმის გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად განხორციელდა.
ინიციატივის მიზანი იყო ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვეს.
მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა სულ 2 019 აბიტურიენტი, რომელთაგან უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 350-მა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა 866-მა აბიტურიენტმა. მათგან 331 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა, ხოლო 535 - კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 466-მა აბიტურიენტმა, მათ შორის, 278-მა - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო 188 აბიტურიენტმა - კერძო პროფესიულ სასწავლებლებში.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 18-მა აბიტურიენტმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.
2026 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა", - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკუთარი შედეგის გაცნობა აბიტურიენტებს ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.
მინიმალური გამსვლელი ქულები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით
























