საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისშია. ნაკრების ფეხბურთელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. მოქალაქეები სკანდირებდნენ, გაუმარჯოს საქართველოს და უხდიდნენ მადლობას ბიჭებს.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები "tv პირველთან" კომენტირებისას აცხადებენ, რომ აღფრთოვანებულები იმ დახვედრით, რომელიც ქართველმა ხალხმა ფეხბურთელებს მოუწყვეს,
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი ინტერვიუში აცხადებს, რომ "ევრო 2024"-ის შემდეგ, მათთვის ყველა გამოწვევა მიღებულია და ქვეყანამ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაიბრუნა.
"აღფრთოვანებული ვარ. მართლა უდიდესი სიხარულია ჩვენთვის, ყველასთვის. ვართ უაღრესად ბედნიერები და ამაყები. რა თქმა უნდა ველოდი, რომ იქნებოდა დიდი დახვედრა, დიდი ემოციები, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ამხელა მასშტაბის იქნებოდა. ალბათ, დღეს საღამოს, როდესაც შევიკრიბებით და ერთმანეთს ჩავეხუტებით, ვიქნებით ბედნიერები.
ნებისმიერი გამოწვევა ამის შემდეგ უკვე მიღებულია. თითქოს ეს ჩვენთვის პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს. ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ და ამით უაღრესად ვამაყობთ",- განაცხადა ფეხბურთელმა.
ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "tv პირველთან" ინტერვიუში პირველ რიგში მადლობას უხდის გულშემატკივრებს და აცხადებს, რომ სამომავლო პერსპექტივაში, თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა, ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი.
"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც დაგვხვდა აეროპორტში. მართლა დასაფასებელია ეს ყველაფერი. არ ვფიქრობ, რომ პირველი ადამიანი ვარ. მე ჩემ საქმეს ვაკეთებდი უბრალოდ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, დიდი მადლობა.
პირველ რიგში უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. რაც შეეხება ჩემს მომავალს, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან და ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი.
რა თქმა უნდა, ველოდებოდით ასეთ დახვედრას, რადგან ვიცი როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და ვიცი რა შეუძლია ფეხბურთს. ბავშვებს მინდა ვუთხრა, დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ, იმ საქმეს მიჰყვნენ რაც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ",-აცხადებს მამარდაშვილი.
ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს, რომ რონალდუსთან შეხვედრა, მისთვის ოცნება იყო, რომელიც აუხდა. შემდეგი ოცნება კი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.
"რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრას ველოდით. ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო საქართველოდან და აქაც გვქონდა მოლოდინი, რომ დაგვხვდებოდნენ. ჯერ კიდევ წინ არის ზეიმი, რომელიც გველოდება. რონალდუსთან შეხვედრა ოცნება იყო და ოცნება ამიხდა. შემდეგი ოცნება არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში" - ამბობს კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.
ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.