ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ქომაგებს ბოდიშს უხდის და მიმართვას ავრცელებს.
„მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო.
თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს “, - წერს გიორგი მიქაუტაძე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღია ავტობუსმა თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა დაიწყო. გულშემატკივართა ნაწილი მათ მიხეილ მესხის სტადიონთან დახვდნენ, ნაწილი კი თავისუფლების მოედანზეა შეკრებილი, სადაც ავტობუსი გაჩერდება და დასკვნითი ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება იწყება.