მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო

5e624fc35e528
შოთა ტყეშელაშვილი
06.03.20 17:17
6600
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ დღეს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის საუბარი. 

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ.

"შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის,"- ნათქვამია სებ-ის ვებგვერდზე. 

ამასთანავე, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ე.წ. "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" სისტემის ამოქმედების შემდეგ, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა შენელდა.

"2020 წლის იანვარში ბანკების მიერ შინამეურნეობების დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 10.8% შეადგინა. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების წლიურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი იპოთეკურმა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემულმა სესხებმა შეიტანა. გარდა ამისა, 2019 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესდა დაკრედიტების სტანდარტები. კერძოდ, შემცირდა ისეთი იპოთეკური სესხების წილი, რომელთა მომსახურების კოეფიციენტი (PTI) 50 პროცენტზე მეტია. ამასთან, გაიზარდა ფინანსური რესურსი იურიდიული პირების დასაფინანსებლად. 2020 წლის იანვარში იურიდიული პირების დაკრედიტების წლიური ზრდა 22.9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პპ-ით აღემატება,"- ნათქვამია სებ-ის ვებგვერდზე. 

2019 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში ცვლილებების შეტანაზე - მის გამარტივებაზე მუშაობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ცვლილებების ამოქმედება 2020 წლის მარტიდან იგეგმებოდა. 

რამდენიმე დღის წინ, BMG-ის "საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა, რომ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდებოდა და მისი ამოქმედება სავარაუდოდ, 2020 წლის პირველი მარტიდან ვერ მოესწრებოდა. 

2019 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, წარდგენილი ცვლილებებით, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისთვის არსებული ოთხი საშემოსავლო კატეგორიის რაოდენობის ორამდე შემცირება იგეგმებოდა. 

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის დღეს არსებული ლიმიტები ასეთია (ჰეჯირებული მსესხებლისთვის): 

  1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს); 
  2. თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს); 
  3. თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს); 
  4. თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება. 

როგორც ცნობილია 4 კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება, ახალი ლიმიტების პირობებში დაკრედიტებას ასეთი სახე ექნება (ჰეჯირებული მსესხებლებისთვის):

  1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს); 
  2. თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს (რაც 1001 ლარის ხელფასის შემთხვევაში თვეში 600 ლარია, 2000 ლარის შემთხვევაში თვეში 1200 ლარი, 3000 ლარის შემთხვევაში თვეში 1800 ლარი, 4000 ლარის შემთხვევაში თვეში 2400 ლარი და ასე შემდეგ).

საშემოსავლო ჯგუფების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში სხვა ცვლილებებიც იგეგმება. 

"2020 წლის მარტიდან ჩვენ ვგეგმავთ გავაუმჯობესოთ რეგულაცია ფიზიკური პირების დაკრედიტების მიმართულებით და განვამტკიცოთ მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა. ჩვენ კომერციულ ბანკებს მივცემთ უფრო დიდ მოქნილობას იმ რისკების მართვაში, რაც ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება, მათ შორის ჩვენ ამისთვის შევამცირებთ საშემოსავლო საფეხურების რაოდენობას (PTI ჩარჩოებს/PTI ჯგუფებს). ჩვენ ამასთანავე დავნერგავთ რისკებზე დაფუძნებულ უფრო ჯანსაღ მოთხოვნებს ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან მიმართებით,"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები