მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო პროვაიდერი „ბიქეიენ301 ჯორჯია“ ₾20 000-ით დააჯარიმა - მიზეზები

ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ბიქეიენ301 ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სანქცირება რამდენიმე ტიპის დარღვევას, მათ შორის, ანგარიშგებებში არაზუსტი ინფორმაციის ასახვასა და საეჭვო გარიგების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენას უკავშირდება.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 85% დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ "ბიქეიენ301 გრუპ
ლიმიტედს" ეკუთვნის, 15% კი სოფიკო დეკანოზიშვილს.

სებ-ის განმარტებით, პროვაიდერი რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით დაჯარიმდა:

  • შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან არაზუსტად მიწოდების სამ შემთხვევაზე კომპანიას 9 000 ლარი დაეკისრა (თითოეულზე 3 000 ლარი);
  • პროვაიდერის მიერ 2023 წლისა და 2024 წლის პირველი ნახევრისთვის წარდგენილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებები არაზუსტ ინფორმაციას შეიცავდა. ამ დარღვევისთვის კომპანია ჯამში 3 000 ლარით დაჯარიმდა;
  • ერთ კლიენტთან მიმართებით დარღვეული იყო კომპანიის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული რისკის მინიჭების მოთხოვნები, რის გამოც პროვაიდერს 3 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა;
  • ერთ შემთხვევაში კომპანიამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დადგენილ ვადებში არ მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო გარიგების შესახებ, რაც 5 000-ლარიანი სანქცირების საფუძველი გახდა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებით პროვაიდერმა დაარღვია „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი“ და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ მოქმედი რეგულაციები.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები