მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეშეთი-კობის პროექტის დაბლოკვას ცდილობდა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
28.06.24 19:11
453

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეშეთი-კობის პროექტის დაბლოკვას ცდილობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კონკრეტული შემთხვევები ფიქსირდება, როცა კონკრეტული ორგანიზაციები სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას ცდილობდნენ.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება პრინციპული იყო, არის სწორედ ეს, რომ ქვეყნის განვითარებას ასეთი ხელოვნური მუხრუჭი არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. არ შეიძლება შავი ფულით, დაფარული ფულით ხდებოდეს ქვეყანაში არეულობის მხარდაჭერა, ქვეყანაში ისეთი პროცესების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას.

დღეს ვსაუბრობდი ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვანია სტრატეგიული და ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისით, ეს არის ქვეშეთი-კობის პროექტი. გაიჭრა უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი და აქაც იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნური საბაბით ცდილობდა ამ პროექტის დაბლოკვას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული. პირდაპირ, მიზანმიმართულად, კონკრეტული ორგანიზაციები ცდილობენ დაბლოკონ სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები. ამიტომ, ეს ხელოვნური მუხრუჭი არ არის მხოლოდ ზოგადი თემა, კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, როდესაც დაბრკოლებას უქმნიდნენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

გახსოვთ ის პროცესები, რომლებიც "ნამახვანჰესის" გარშემო განვითარდა. ესეც პირდაპირ გამიზნული ხელოვნური მუხრუჭი იყო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის სურდათ კონკრეტულ ადამიანებს დაბრკოლებების შექმნა. ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობის კანონი ბევრ ამ პრობლემას მოაგვარებს და ჩვენი ქვეყნის ზოგად და ეკონომიკურ განვითარებას მომავალში ნაკლები მუხრუჭი ექნება. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები