მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთ-ერთი იშვიათი კომპანია ვართ, რომელსაც რუსეთზე ძალიან დაბალი დამოკიდებულება აქვს“ - „თბილღვინო“ იმპორტის შეზღუდვაზე

თბილღვინო

ღვინის კომპანია „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთში ქართული სასმელების ნაწილის იმპორტის აკრძალვა კომპანიას გარკვეულ დანაკარგს მოუტანს, თუმცა რუსეთის ბაზარზე დაბალი დამოკიდებულების გამო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის მოლოდინი არ აქვს.

როგორც მარგველაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, „თბილღვინოს“ პროდუქცია დაახლოებით 30 ქვეყანაში გააქვს, რუსეთი კი კომპანიისთვის ერთ-ერთი დაბალი წილის მქონე ბაზარია.

„ჩვენ 30-მდე ქვეყანაში ვყიდით ქართულ ხარისხიან ღვინოს და რუსეთში ძალიან ცოტა პროდუქცია გაგვაქვს. ჩვენთვის რუსეთის ბაზრის წილი ძალიან დაბალია, რუსეთზე დამოკიდებულება მაღალი არ გვაქვს. გარკვეული დანაკარგი არის, მაგრამ, პრინციპში, ალბათ, ერთ-ერთი იშვიათი კომპანია ვართ, რომელსაც რუსეთზე ძალიან დაბალი დამოკიდებულება აქვს“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისი შეფასებით, ქართული სასმელების ნაწილისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა განსაკუთრებით საყურადღებოა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლების გამო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ „თბილღვინო“ პროდუქციას იმ ქვეყნებშიც ყიდის, სადაც ხარისხის მიმართ მკაცრი მოთხოვნები მოქმედებს. ამ ფონზე მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს აკრძალვის გადაწყვეტილება ხარისხთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განმარტების გარეშე.

„სამწუხაროა, ასეთი რამ რომ მოხდა. ჩვენ ისეთ ქვეყნებში ვყიდით, სადაც ძალიან მაღალი სტანდარტები და ხარისხის მოთხოვნებია. ამიტომ გასაკვირია, რომ ხარისხთან დაკავშირებით, ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე, ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ეს რაღაცით ჰგავს იმას, რაც 2006 წელს მოხდა, როდესაც ღვინო აიკრძალა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება შეზღუდვის მოქმედების ვადასა და რუსეთის ბაზრის ხელახლა გახსნის პერსპექტივას, კომპანიის ხელმძღვანელი კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება დროებით ემბარგოს გულისხმობს, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ის.

„ვერ გეტყვით, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. როგორც იცით, ოთხი ღვინის კომპანიაა და სამი არაალკოჰოლური სასმელების კომპანია. იქ წერია, რომ ემბარგო დროებითია, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დროებითი შეზღუდვა“, - განაცხადა მან.

მარგველაშვილის ინფორმაციით, კომპანიას პარტნიორებთან კომუნიკაცია აქვს და ამ ეტაპზე საკითხის დეტალებს აზუსტებს. დამატებით ინფორმაციას, მათ შორის პარტნიორებისგან მიღებული უკუკავშირის შესახებ, ის ჯერ ვერ ასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა ქართული წარმოების ზოგიერთი სასმლის იმპორტისა და გაყიდვის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა შეეხო „თბილღვინოს“, „თელიანის ველის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ვაინმენის“ ღვინოებს, „ასკანელი ძმების“ კონიაკს, „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდს, საქართველოში წარმოებულ Coca-Cola-სა და „ჰელსი უოთერის“ მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები