„ერთადერთი, რამაც შეიძლება გამოასწოროს სიტუაცია, იქნება რიგგარეშე არჩევნები“- BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და ყოფილი პარლამენტარი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კომპრომისზე წასვლა და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა, რადგან ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა. მისი აზრით, რიგგარეშე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ არა საგარეო ზეწოლის, არამედ ქვეყნის შიგნით შეთანხმებით.
„ერთადერთი, რამაც შეიძლება გამოასწოროს სიტუაცია, იქნება რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა დაინიშნოს არა მაკრონის, ან ევროკავშირის ზეწოლით, არამედ ხალხის, ოპოზიციის და მთავრობის ერთმანეთთან საუბრით. მე მგონია, რომ ხელისუფლებას [კომპრომისზე წასვლა] მოუწევს. იდეალური გამოსავალი იქნება დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი. ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებამდე მოუწევს მთავრობას მისვლა. უკეთესი იქნება მის მიერ თუ იქნება ეს ინიცირებული“,- აცხადებს ლევან კობერიძე.
ის აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს პოლიტიკურ პროცესს ფაქტობრივად მხოლოდ ხალხი აწარმოებს, ერთ მხარეს არის პოლიტ-ტექნოლოგიურად კარგად აღჭურვილი მთავრობა, მეორე მხარეს კი სამართლიანობისთვის მებრძოლი ხალხი. „ სიმართლეს აქვს დიდი ძალა, მაგრამ სიმართლეს ვინმემ ძალა თუ არ მისცა, მარტო ხალხს გაუჭირდება სიმართლე დაიცვას“- აცხადებს ბრენდინგის სპეციალისტი.
„რაც არ უნდა არასასიამოვნოდ ჟღერდეს, ჩემი შეფასებით, პოლიტ-ტექნოლოგიურად ხელისუფლებას სამწუხაროდ, დიდი უპირატესობა აქვს და უგებს ოპოზიციას. პოლიტიკურ ცხოვრებაში რა არის სწორი და კარგი ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ, პოლიტ-ტექნოლოგიურად ადვილი გადასაფარია ხოლმე, ასე აკეთებდა ამას ნაციონალური მოძრაობა და „ქართულმა ოცნებამაც“ პროპაგანდისტული გზა აირჩია მათსავით.
როცა ომი და მშვიდობა წამოწიეს წინა პლანზე, მაშინაც ვამბობდი, რომ სწორად ალაგებდნენ არა ქვეყნისთვის, არამედ სათავისოდ და ოპოზიცია ჭკვიანურად უნდა მოიქცეს და პოლიტ-ტექნოლოგიური სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. სამწუხაროდ, ბრძოლის ის ნაწილი წააგო ოპოზიციამ და არჩევნებში მივიღეთ ის შედეგი, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მოზიდვა მაინც შეძლო „ქართულმა ოცნებამ“.
ახლა „ქართულ ოცნებას“ არჩეული აქვს ხელისუფლების შენარჩუნების გზა. ამისთვის თუ დასჭირდება შეიძლება ევროატლანტიკურ სივრცეზე თქვას უარი ან თავისი კაბინეტები ეკლესიად გადააქციონ ანუ ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება უნდა შეინარჩუნონ ერთპიროვნულად. ამაზე პოლიტ-ტექნოლოგიურად შენდება ისევ კვლავ ომი და მშვიდობის თემა.
მეორე თემა არის ცრუ პატრიოტიზმი, რომ ახალი ბატონი გინდათ? ადრე რუსეთი იყო და მნიშვნელობა აქვს ვინ გვიკარნახებს რუსები თუ ამერიკელები?
სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ვერაფერს უპირისპირებს და დღეს რეალურად რაც ხდება პოლიტიკურ პროცესს ფაქტობრივად ხალხი აწარმოებს შიშველი ხელებით. რაც ხდება ქუჩაში მხოლოდ ის არის პოლიტიკური პროცესი. პრეზიდენტის აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, ხალხი არის პირისპირ ძლიერ ხელისუფლებასთან, რომელიც პოლიტ- ტექნოლოგიურად არის აღჭურვილი, რომელსაც ჰყავს ლიდერი, რომელიც არის პოლიტიკის შემქმნელი. მეორე მხარეს არის სამართლიანობისთვის მებრძოლი ხალხი. სამართალს აქვს დიდი ძალა, მაგრამ სიმართლეს ვინმემ ძალა თუ არ მისცა, ამას ლიდერები პოლიტიკოსები სჭირდება, მარტო ხალხს გაუჭირდება ეს სიმართლე დაიცვას და ეს არის პრობლემა“, - აცხადებს ლევან კობერიძე.