ელექტრონული წიგნების, ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმების და ონლაინ სასწავლო პროგრამების განვითარების პარალელურად, როგორც ჩანს, საქართველოში კვლავაც პოპულარულია ფიზიკური წიგნების კითხვა. თანაც, როგორც ჩანს, საგამომცემლო ბიზნესი საქართველოში გამართულად მუშაობს, რადგან, როგორც “ბიბლუსი ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ერთ სულ მოსახლეზე გამოცემული წიგნების ტირაჟით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში.
“მიხარია, რომ გამოცემული წიგნების ტირაჟით და გაყიდული წიგნების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია აღმოსავლეთ ევროპაში. აშკარაა ისიც, რომ ბაზარი წიგნებს კიდევ მოითხოვს, ანუ განვითარების შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ მაქსიმალური მიწოდების ერთბაშად შეთავაზება რთულია. ამიტომაც, “ბიბლუსის” განვითარების ერთ-ერთი მიზანია, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ”, - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ “საქმიან საღამოში”.
“ბიბლუსი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ში სტუმრობისას კომპანიის სამომავლო განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბიბლუსი” არაერთ ინიციატივას უჭერს მხარს, რომლის მიზანი - წიგნის ფართო მასამდე მიტანაა.
“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ბევრი ინიციატივა გვაქვს. ერთ-ერთი მიზანი, რომელიც გვაქვს - შემეცნების მიმართულებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაა, რისთვისაც, დიდი ხნის წინ, სოფლებში არსებული ბიბლიოთეკების მომარაგება დავიწყეთ. წელს, გიორგი კეკელიძე შემოგვიერთდა და საქართველოს სოფლებთან ერთად, ბიბლიოთეკების გახსნა საზღვარგარეთ მდებარე ქართულ სათვისტომოებშიც დავიწყეთ. ჩანაფიქრი ისაა, რომ ბიბლიოთეკა უნდა იყოს იქ, სადაც ამის მოთხოვნაა”, - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.
“საქმიან საღამოში” სტუმრობისას “ბიბლუსი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა თავად ბიზნესის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიზიკური მაღაზიების რაოდენობრივ ზრდასთან ერთად - მათ შორის ფრენჩაიზული მოდელის გათვალისწინებით - კომპანია ონლაინმაღაზიასაც ავითარებს.
“თავისთავად, ვერც ციფრულ სამყაროს გავექცევით, რისთვისაც ონლაინარხებს ვავითარებთ. ამასთან, “ბიბლუსი ჯგუფის” განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - საზღვარგარეთ გაფართოებაა, განსაკუთრებით რეგიონში და ევროპაში.
საზღვარგარეთ ორი ფილიალი გვაქვს. წელიწად-ნახევრის წინ პირველი ფილიალი სლოვენიაში გავხსენით, სადაც ონლაინმაღაზიაც გავუშვით. ახლა კი, ხორვატიაზე ზრუნვას ვიწყებთ.
თუ ფრენჩაიზული მაღაზიების რაოდენობასაც ჩავთვლით, საქართველოში “ბიბლუსის” 91 ფილიალი ფუნქციონირებს, მაგრამ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნის პროცესშიც ვართ. თავად “ბიბლუსში” 600-მდე ადამიანი არის დასაქმებული, მაგრამ ჩვენს რამდენიმე კომპანიაში, ჯამში, 1,000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. ბოლო წლებში, ეს რაოდენობა აქტიურად იზრდება, რადგან სხვადასხვა სფეროებში დავიწყეთ განვითარება”, - აღნიშნა ირაკლი გაგნიძემ “საქმიან საღამოში”.