ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება. 30 სექტემბრის [18:20] მდგომარეობით, უნცია მეტალის ღირებულებამ 3,840 დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 45%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეში მატება 10%-ს აჭარბებს.
საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები გადმოეცემა ქართულ ბაზარსაც. ბოლო ერთწლიან პერიოდში თბილისის ოქროს ბირჟაზე ფასი ოქროს ნაკეთობებზე რამდენჯერმე შეიცვალა. ამ ეტაპზე ერთი გრამი ოქროს ღირებულება სინჯის გათვალისწინებით 195 ლარიდან 330 ლარამდე მერყეობს.
“გოლდ მარკეტის” დირექტორის თქმით, იტალიური ოქროს ნაკეთობების ღირებულება კი თუ ერთი წლის წინ 170 ლარი იყო, ახლა 260 ლარი ღირს. ძვირფას ლითონზე ფასის ზრდის მიუხედავად, ოქროს ბირჟას მომხმარებლების ნაკლებობა არ ეტყობა.
“მსოფლიო საფონდო ბირჟაზე ოქროს ფასი კატასტროფულად იზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს შიდა ბაზარზეც აისახება. ფასები იზრდება, რამაც გამოიწვია დაბნეულობა როგორც დილერებში, ასევე მომხმარებლებშიც, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდია, როცა არის ქორწილები, ნიშნობები და მაინც გვყავს მომხმარებლები.
ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 45%-ით არის გაზრდილი. იტალიური ოქროს ნაკეთობები, დღეის მონაცემებით, 260 ლარი ღირს, ბრენდები 350 ლარი.
ერთი წლის წინ ოქროს ფასი დაახლოებით,170 ლარი იყო, ახლა ავიდა 260 ლარზე.
შემოდგომაზე, ყოველ წელს იზრდება ოქროს ფასი, მაგრამ წელს ამას სისტემატური ხასიათი აქვს. მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად იზრდება ფასები. არის ვარაუდი, რომ ისევ გაიზრდება და ერთი გრამი ჩვეულებრივი იტალიური ოქროს ფასი ავა 300 ლარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ფასები იზრდება, ჩვენს მაღაზიაში გვყავს ისეთი მომხმარებლები, რომლებიც მაინც ყიდულობენ ძვირფას ლითონს, მიუხედავად ფასების ზრდისა”,-აცხადებს ნანა ფიფია.



























