მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ძვირფასი მეტალებისთვის მძიმედ დაიწყო. ოქროს ფასი 3.5%-ით შემცირდა და ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს, უნციაზე 4,145 დოლარს მიაღწია. მიმდინარე თვის განმავლობაში ოქრო თითქმის 7%-ით არის გაუფასურებული.
ძვირფასი ლითონის გაუფასურების ახალი ტალღა ნავთობის გაძვირებით გამოწვეულმა ინფლაციურმა შიშებმა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინებმა განაპირობა.
UBS-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გაძვირება მოკლევადიან პერსპექტივაში ძვირფასი ლითონის მერყეობას იწვევს, ხოლო ინფლაციური ზეწოლა ოქროს გრძელვადიან გაუფასურებას უწყობს ხელს.
FedWatch-ის მონაცემებით, ბაზრის მონაწილეები ოქტომბერში FED-ის მიერ საპროცენტო განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის 70%-იან ალბათობას ხედავენ. თუ კევინ უორშის უწყება მონეტარულ პოლიტიკას როგორც ოქტომბერში, ასევე მომდევნო თვეებშიც გაამკაცრებს, მაშინ ოქროს შემდგომი გაუფასურება გარდაუვალი იქნება, რადგან ოქროსა და სახაზინო ობლიგაციებს შორის საპირისპირო მიმართებაა - როცა იზრდება განაკვეთები, ეცემა ოქრო; ხოლო როცა მცირდება პროცენტი - ოქროს ფასი იმატებს.
ცხადია, ოქროს პარალელურად გაუფასურებულია ვერცხლიც, რომელიც ამჟამად 61 დოლარად ივაჭრება, რაც წლის განმავლობაში 14%-იან ვარდნას წარმოადგენს.
























