მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ეუბნებოდა, როცა სიგიჟეს აკეთებდა" - გახარია ივანიშვილს პასუხობს

ივანიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ექსპრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ივანიშვილთან დებატებისთვის ნებისმიერ დროსა და ფორმატში არის მზად. გახარიამ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილი "TV იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ გიორგი გახარიას გუნდს გასამართლება ემუქრება, ბრალად კი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაში დახმარება ედებათ.

"ბიძინა ივანიშვილს მე ბევრჯერ ვუთხარი, თუ რაიმე პრეტენზია ან კითხვა აქვს, [გავესაუბრები] თავისივე “იმედში”, დებატებში, ნებისმიერ დროს, თავისივე სასამართლოში, ან თუ კიდევ რაიმე სხვა ფორმატში უნდა, არც ეგ არის პრობლემა. იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, თუ რა არის მისი ყველაზე მოუშუშებელი ჭრილობა.

მისი მოუშუშებელი ჭრილობა არის ის, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც, სიგიჟეს როცა აკეთებდა, ეუბნებოდა, რომ სიგიჟეს აკეთებდა. ახლა არავინ ჰყავს, და, ხომ ხედავთ, გაფრინდა კოსმოსში. და იფრინოს... მთავარია, ქვეყანა არ დაზიანდეს და ქვეყანა რომ არ დაზიანდეს, მარტივი რამ გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყოფილმა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილის განცხადებები ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავია და არც ერთი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება.

"30 დეკემბერს რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაშინაც ხომ გახარია იყო მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, გამოვიდა და ასეთი რაღაც თქვა, რომ ერთადერთი, რაც ვერ გავთვალე, გახარიას ღალატი და ქცევა იყოო და ამიტომ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნებაო. გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ გახარია ვინ იყო, გუნდმა ძალიან კარგად ვიცოდითო. უბრალოდ ერთმანეთს ეწინააღმდეგება, იქაც იტყუებოდა და აქაც იტყუება. ჩვეულებრივ, ძალაუფლების და თავისი მილიარდების გადასარჩენად უკვე სასოწარკვეთაში ჩავარდნილ, სამწუხაროდ, მატყუარა ადამიანთან გვაქვს საქმე", - განაცხადა "საქართველოსთვის" ლიდერმა.

"გასამართლება მოუწევთ" - ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე და მის გუნდზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები