ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მომდევნო პერიოდის განჭვრეტა რთულია, რადგან მოვლენების განვითარება პოლიტიკური კრიზისის განვითარებაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ ბედინეიშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მთავარი მამოძრავებელია, რის გამოც ვითარება, თავდაპირველად, ამ ფრონტზე უნდა დასტაბილურდეს.
"[რისთვის უნდა ვიყოთ მზად] ძნელი სათქმელია, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი… ფაქტია, რომ არჩევნების აღიარება არ ხდება, ლეგიტიმაცია არჩევნების, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, არ მოდის. მეორე მხრივ, თუ აქამდე გაურკვეველი იყო, რა იყო ჩატარებული საარჩევნო პროცესების უარყოფითი მხარე, მგონი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა სიტუაცია ისე, რომ აშკარაა, მასობრივად დაირღვა ხმის ფარულობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. ფაქტობრივად, ღია კენჭისყრა ჩატარდა, ვიცით, ვინც იხეირებდა ამით. ამიტომ, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნების ლეგიტიმურობა და ძნელი საწინასწარმეტყველოა, რა მოხდება შემდეგ.
არ გამოვრიცხავ, რომ სიტუაცია მივიდეს ჩაშლილ ან სწრაფად დანიშნულ ხელახალ არჩევნებამდე, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ამის მაღალი ალბათობაა. ძნელად განჭვრეტადია პოლიტიკური კრიზისის განვითარება, რაც ეკონომიკური პერსპექტივისთვის მთავარი ძრავაა ქვეყანაში. რადგან არ ვიცით, რა იქნება უახლოეს მომავალში, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძნელია. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ გვექნება სერიოზული რყევები, გაურკვევლობა კიდევ რაღაც პერიოდი", - აცხადებს ფინანსისტი.
ბედინეიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური გაურკვევლობა, ყველაზე მეტად, ლარის კურსზე მოქმედებს, რაც, თავის მხრივ, ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ძირითადი საინვესტიციო ინდიკატორია.
"ფაქტია, რომ გაურკვევლობა ყველაზე მეტად ლარზე მოქმედებს. ის რომ ლარი მოჩვენებითად სტაბილურია, არ უნდა გაგვიკვირდეს. თუ ლარი მყარადაა ეს იმის გამოა, რომ სებ-მა ძალიან ბევრი დახარჯა წინასაარჩევნოდ, რომ არ დაეშვა ლარის გაუფასურების ალბათობა. რამდენიმე ინსტრუმენტია, რითაც ინვესტორები ფსონს აკეთებენ საქართველოზე - ლარი და კომერციული ბანკების აქციები.
კომერციული ბანკების აქციები მკვეთრად დაეცა, რაც, ალბათ, უფრო სწორი ინდიკატორია. იმის შემდეგ კი გაუმჯობესდა აქციები, მაგრამ ეს გვაჩვენებს, რომ ბაზარი ნერვიულობს. მინიმუმ გაურკვევლობა გვაქვს, უარეს შემთხვევაში კი გვაქვს დასავლეთისგან იზოლირებული საქართველო. როგორ შეიძლება ეს დადებითი იყოს ეკონომიკური განვითარებისთვის, თუ პარტნიორებთან 0-მდე დავიდა თანამშრომლობა?!" - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
ინფორმაციისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული ბანკების აქციების ფასები 28 ოქტომბერს, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, შემცირდა. ქართული კომპანიების აქციების ფასებმა ზრდა მომდევნო დღიდანვე დაიწყო.
რაც შეეხება ლარის სტაბილურობას, მხოლოდ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ლარის კურსის დასაჭერად $213 მილიონი გაყიდა. სექტემბერში კი Bmatch პლატფორმით $106.5 მილიონი დოლარი გაიყიდა.