მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი" სტუდენტისთვის ცხოვრებას კატასტროფულად გააძვირებს - ნინო დობორჯგინიძე

ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე მიიჩნევს, რომ „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქის“ მოდელი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში დუბლირებული საგანმანთლებლო პროგრამების გაუქმებას გულისხმობს, არაერთ პრობლემას შექმნის.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული მოდელი საუნივერსიტეტო განათლების ტრადიციულ და თანამედროვე პრინციპებს არ შეესაბამება.

რექტორი ფიქრობს, რომ დუბლირებული ფაკულტეტები (თსუ, ილიაუნი, ტექნიკური უნივერსიტეტი) კონკურენციას ქმნიდა, რაც განათლების ხარისხს ზრდიდა და ამ მოდელით კი, კონკურენცია უქმდება.

- საბჭოთა კავშირშიც კი არ იყო „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ [მიდგომა].... მაშინაც პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში, უცხო ენების ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო დუბლირებული [ფაკულტეტები]და სწორედ ეს განაპირობებდა კონკურენციას... ვერ დამისახელებთ მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანას, სადაც [მსგავსი მოდელია]. რანაირად აგდებს ეს განათლების ხარისხს?!..

- განათლების სამინისტროს არგუმენტია ის, რომ მაგალითად, თუ აბიტურიენტს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისთვის არ ჰყოფნის ქულები, ახლა შეუძლია, ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიაუნში ჩააბაროს ან სხვაგან, სადაც ქულები ეყოფა, რაც ხარისხზე ნეგატიურად ისახებაო...

- სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი იმ დიპლომზე, რომელსაც კერძო უნივერსიტეტი იძლევა და მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომზეა პასუხისმგებელი?! მაშინ რანაირად არის ეს ხარისხის გაზრდა, თუკი ყველას შეუძლია, რომ იგივე დიპლომი მიიღოს კერძო უნივერსიტეტში?! უბრალოდ, ეს არის ძალიან არათანაბარ პირობებში ჩაყენება აბიტურიენტების... ჯერ ერთი, საშინლად დასცემს კონკურენციას, რომლითაც განათლების ხარისხი იზრდება. მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - [ამ მოდელის შემოღება] კატასტროფულად გააძვირებს სტუდენტისთვის ცხოვრებას. “ევროსტუდენტი 2025”-ის კვლევის თანახმად, თბილისში მცხოვრები სტუდენტების 62% ცხოვრობს ოჯახთან ერთად, დანარჩენს კი, დაქირავებული აქვს ბინა. ვინც ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მათი 72% მუშაობს. წარმოიდგინეთ, 128 000 თუ 132 000 ცხოვრობს ქუთაისში, თბილისში 1 300 000 ანუ 10-ჯერ მეტი. სად არის ქუთაისში ან თუნდაც რუსთავში მუშაობის იმდენი შესაძლებლობა, რამდენიც დედაქალაქში?! მთელი რუსთავი ლამის თბილისში მუშაობს, ხომ?! ანუ რა გამოდის - აი, ეს სტუდენტი, რომელსაც მართლა არ აქვს საშუალება, რომ ოჯახისგან დამოუკიდებლად იცხოვროს (თორემ ყველას უნდა, რომ ოჯახისგან დამოუკიდებლად იცხოვროს ამ ასაკში) და მუშაობს იმისთვის, რომ თავისი სწავლა დააფინანსოს, ვალდებული იქნება, დღეში მინიმუმ 3 საათი დახარჯოს, რომ იაროს რუსთავში [სასწავლებლად] და სამსახური ისევ თბილისში უნდა იშოვოს, რადგან ამისთვის არც ქუთაისის და არც რუსთავის ინფრასტრუქტურა მზად არ არის... ქართული საუნივერსიტეტო, ტრადიციული რუკა, უნდა შეეწიროს და უნდა ჩაყლაპოს ბიზნესინტერესებმა?! თითქოს ვაკეში გეოგრაფიული კონცენტრაცია იმით უნდა განიტვირთოს, რომ იქ [უნივერსიტეტების] შენობებს გაყიდიან და 100-სართულიან შენობებს ააშენებენ?! ეს არის სრული ნონსენსი.

ნინო დობორჯგინიძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მკაცრად აკრიტიკებს.

„უმაღლესი განათლების რეფორმის“ რეალური მიზანი ხარისხის გაუმჯობესება არ არის - ეს განათლების დეფორმაა” - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

რექტორი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ცალმხრივი მოქმედება და დაიწყონ დიალოგი აქტორებთან, ვისაც რეფორმა ეხება.

„უნდა დასრულდეს განათლების დეფორმა. არავინ არ არის წინააღმდეგი იმისა, რომ დასხდნენ და ილაპარაკონ იმაზე, რა ტიპის სამომავლო უნივერსიტეტი გვჭირდება. დღეს ამაზე არავინ გვესაუბრება. სხვათა შორის ეს დოკუმენტი [უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი] აქამდე თვალით არ გვინახავს“, - აღნიშნა ნინო დობორჯგინიძემ „წერტილთან“ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები