მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი ფანჯრის პრინციპით, პორტებში გემის მოცდის დრო 1 საათამდე შევამცირეთ – თამარ იოსელიანი

ბათუმის პორტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ნავსადგურებში საოპერაციო ეფექტიანობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. მისი თქმით, იანვარ-ივნისში საქართველოს პორტებმა უფრო მსხვილტონაჟიანი გემების მიღება შეძლეს, რამაც გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

იოსელიანის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ნავსადგურებში მიღებული გემების საერთო ტვირთამწეობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.

„საერთო ტვირთამწეობის თვალსაზრისით, დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ხელს უწყობს როგორც პორტების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, ისე ეფექტიანობის ზრდას. ამ კუთხით, აღსანიშნავია კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს არის ნათელი და წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმართებოდეს საჯარო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც საზღვაო ადმინისტრაციის, ისე საპორტო ოპერატორების მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა. იოსელიანის განმარტებით, ნავსადგურებში მიმდინარეობს აკვატორიისა და სანაოსნო არხების მუდმივი გაღრმავება, ხოლო ადმინისტრაციული პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა.

„მუდმივად ღრმავდება, როგორც ნავსადგურის აკვატორია, ასევე შესაბამისი არხი და, რა თქმა უნდა, საოპერაციო ნაწილი ბიუროკრატიისგან დაცლილია. თუ აქამდე გემების მოცდის დრო 24 საათი იყო, ახლა ის მინიმუმამდე, ერთ საათამდეა დაყვანილი. ამაში ნამდვილად გვიწყობს ხელს დანერგილი სისტემები, კერძოდ, „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და სანდო პარტნიორის პოზიციებს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური გროს ტონაჟი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონს მიაღწია.

სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ტვირთამწეობის ზრდამ ტონებში 4.4% შეადგინა. ამავე პერიოდში გაიზარდა პორტების მიერ დამუშავებული ტვირთების მოცულობაც, რაც, სააგენტოს შეფასებით, არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიან გამოყენებასა და ოპერაციების პროდუქტიულობის ზრდაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები