ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობისთვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, წლის ბოლომდე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება იგეგმება.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, რკინიგზამ პროექტირება უკვე დაასრულა და პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადადის.
„ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია დაუკავშირდეს სატრანსპორტო ქსელებს. ამ მიმართულებით საავტომობილო მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე ვგეგმავთ, რომ განვავითაროთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმისათვის, რომ შეიქმნას ის ეკოსისტემა, რაც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“, - აღნიშნა იოსელიანმა.
რკინიგზის პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამშენებლო ტენდერის გამოცხადების გეგმაზე რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტენდერის გამოცხადება ოქტომბრის ბოლომდე იგეგმებოდა.
თუმცა, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისთვის მომავალი წლის დაფინანსება ცალკე განსაზღვრული არ არის. დოკუმენტის თანახმად, პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მიმდინარეობს.
ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხის ძირითადი ნაწილი გზისთვის საჭირო მიწის გამოსყიდვას უკავშირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წელს ამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე 30 მილიონი ლარის, 2028 წელს 150 მილიონი ლარის, 2029 წელს 170 მილიონი ლარის, ხოლო 2030 წელს 40 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ჯამურად, პროექტის ღირებულებად 442 მილიონი ლარია მითითებული.
ამასთან, მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, ანაკლიის პორტმა პირველი გემები 2029 წელს უნდა მიიღოს, მაშინ როდესაც ბიუჯეტის პროექტით მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება 2030 წელს არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ იქნება შეთანხმებული პორტის ამოქმედების ვადა მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის გრაფიკთან.
რაც შეეხება უშუალოდ პორტის მშენებლობას, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ მიზნით 155 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 125 მილიონი ლარი პორტის ინფრასტრუქტურის, ტალღმტეხელისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი, 30 მილიონი ლარი კი პორტთან მისასვლელი გზისთვის.
პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს. თავდაპირველად კონტრაქტის ღირებულება 204 მილიონი დოლარი იყო, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე ის 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
2026 წლის 1 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შეცვლილი მოდელით გაგრძელდება. კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც საერთაშორისო დონორებისგან დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებაა საჭირო. ნავმისადგომების მშენებლობის დასრულების შემდეგ სახელმწიფო საპორტო ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი იჯარით კერძო ლოგისტიკურ ჯგუფებზე გაცემას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინით, კერძო ოპერატორები სატერმინალო ინფრასტრუქტურაში დამატებით 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებენ.
























