მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტიდან" "ერთი უბანი-ერთ სუპერმარკეტამდე"| ვინ იქნება "ოცნების" განტევების ვაცი?

გიორგი ხიშტოვანი

"თუ პარტიას დასჭირდა და „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“-ს აბსურდული პრინციპით დაანგრია უმაღლესი განათლების „ბაზარი“, შესაძლოა, პრინციპით - „ერთი უბანი - ერთი მარკეტი" სხვა ბაზრებიც დაანგრიოს", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გიორგი ხიშტოვანი "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების ფასების შემცირებას. ეკონომისტი წერს, რომ როდესაც სახელმწიფო სწრაფი ტემპით ერთპარტიული დიქტატურისკენ მიექანება, ის ყველა პრობლემის დიქტატის სტილში მოგვარებას ეცდება.

ეკონომისტის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

"დაახლოებით, ერთი თვის წინ დავწერე მოკლე ტექსტი უმაღლესი განათლების ე.წ. რეფორმის შესახებ. ტექსტის ბოლოში ასეთი აბზაცი მქონდა: „ხოლო, ყველა სხვა სექტორის წარმომადგენელს, რომელიც დღეს კერძო სექტორშია და ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები (უმაღლესი განათლების სისტემაში) მაინც არ ეხება მას (მაგ. ჯანდაცვა, ფარმაცეპტიკა, საცალო ვაჭრობა, საბანკო და სადაზღვევო საქმე, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია), უნდა კარგად ესმოდეს, რომ თუ პარტიას დასჭირდა და „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“-ს აბსურდული პრინციპით დაანგრია უმაღლესი განათლების „ბაზარი“, მომავალში, შესაძლოა მსგავსად დაანგრიოს ყველა სხვა ბაზარი, მაგ. პრინციპებით როგორია „ერთი უბანი - ერთი ბენზინგასამართი სადგური/მარკეტი/აფთიაქი//საბანკო ფილიალი/მობილური ოპერატორი და სხვა“. რადგან პრინციპული განსხვავება „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“-ის მიდგომასა და „ერთი უბანი - ერთი აფთიაქი“-ს პრინციპს შორის არ არსებობს.

მე არ ვარ წინასწარმეტყველი. უბრალოდ, ყველა სისტემას განვითარების თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს;

როდესაც სახელმწიფო სწრაფი ტემპით ერთპარტიული დიქტატურისკენ მიექანება, პარტია ყველა ახალი პოლიტიკური/სოციალური/ეკონომიკური პრობლების დიქტატის სტილში მოგვარებას ეცდება. გუშინწინ ეს უკანასკნელი პოლიტიკური კონკურენტების თავიდან მოშორება იყო; ამიტომ, პარტიები უნდა აიკრძალონ. გუშინ ეს ავტონომიური უნივერსიტეტები იყვნენ; ამიტომ, ისინი ან უნდა მოთვინიერდნენ ან გაქრნენ.

დღეს ეს პრობლემა სურსათზე ფასების მაღალი ზრდაა. და რადგან სახელმწიფოს, წინა ორ-სამ წელთან შედარებით, აღარ აქვს რესურსი ეს პრობლემა მეტი ფულის დარიგებით გაანეიტრალოს, მან უნდა იპოვოს განტევების ვაცი (კერძო ბიზნესი) და ისეთი ეკონომიკური მოდელი შექმნას, სადაც ტექნიკურად ფასების ზრდაც მისი მხრიდან გაკონტროლებული იქნება (პირობითად, დავარქვათ, „ერთი უბანი - ერთი სუპერმარკეტი“).

ამიტომ, თუ სურსათზე ფასების მატების პროცესი გაგრძელდა, მაღალია იმის ალბათობა, რომ ცალკე ჩინურ სტილში საპარლამენტო კომისიის წინაშე მსხდომი ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ვნახავთ საკუთარი სიხარბის და ბრალეულობის აღიარების საჯარო სცენებს და ცალკე „ერთი უბანი - ერთი სუპერმარკეტის“ პრაქტიკაში დანერგვის მაგალითებს", - წერს ხიშტოვანი.

ცნობისთვის, "ოცნების მთავრობაში" პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები