მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" ბიზნესს საჯარო დაკითხვის რეჟიმს სთავაზობს, სადაც თუ არ მიხვალ, შესაძლოა, ციხეშიც აღმოჩნდე" | ინტერვიუ

ხიშტოვანი გიორგი

„ბიზნესი უკვე უნდა ხვდებოდეს, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ პრობლემას მმართველი გუნდი ასე მიუდგება - ბიზნესი დამნაშავეა, მან უნდა აღიაროს ეს და გამოასწოროს“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა ჟურნალისტის კითხვას - რატომ ეგუება ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან "ხარბის" იარლიყს, როცა მტკიცებულებები ჯერ კიდევ უდავო არაა.

საქმე ის არის, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, 2025 წლის ბოლოს ფასების რეგულირების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძეც შედის.

- ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს, რომ ბიზნესი „თავისუფლად სუნთქავს“, მაგრამ რატომ ეგუება ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან "ხარბის" იარლიყს, როცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა? ასევე, დუმილი არჩიეს „თელასმა“ და „ენერგო პრო ჯორჯიამ“, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან დენის ტარიფი სამი თვით არ გაიზარდა, სემეკის წინასწარი განცხადებების მიუხედავად?

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სამ რამეს ნიშნავს: პირველი - ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. ეს პრობლემები გროვდებოდა და ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, უპირველეს ყოვლისა კი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის. ისინი ობიექტურად ხედავენ ინტერვენციისა და ჩარევის საჭიროებას, რადგან ამ პრობლემებს მათ პოპულარობაზე უარყოფითი გავლენა აქვს. შესაბამისად, ისინი ჩარევის აუცილებლობას ხედავენ ანუ ეს „გასაოცარი ეკონომიკური ზრდის“ ფაზა, მგონი, მათთვის დე-ფაქტო უკვე დასრულებულია და ახლა ინტერვენციით არიან დაკავებულნი, რათა როგორმე მოაგვარონ ეკონომიკაში რეალურად დაგროვილი პრობლემები - ამ შემთხვევაში, ფასების ზრდა.

მეორე - ეს აჩვენებს იმას, თუ რა სტილით გეგმავენ „ქართული ოცნების“ ამ გუნდის წარმომადგენლები 2026 წლისთვის პრობლემების მოგვარებას. მათი სტილი ასეთია: პირველ რიგში, უნდა მივიღოთ რაღაც კანონი ან დავადგინოთ წესი. ვინაიდან ისინი იურისტები არიან, ფიქრობენ, რომ ეკონომიკაში რაღაცები უბრალოდ „არ შეიძლება მოხდეს“. მათ სურთ, საკანონმდებლო ფილოსოფიით დაარეგულირონ ფასები და ინფლაცია. აი, როგორ აზროვნებს იურისტი - „თუ ჩავწერე, რომ ეს არ შეიძლება ე.ი. არ მოხდება“. ეს მათი პირველი ეტაპია - თქვეს, რომ ფასები არ უნდა იზრდებოდეს. მეორე ეტაპზე კი, იმისთვის, რომ ეს მითი და დათქმა აღასრულონ, უნდა იპოვონ „დამნაშავე“ და დასაჯონ. ამისთვის განსაზღვრეს სუს-ი, რომელმაც უკვე ნაპოვნ „დამნაშავეზე“ - ბიზნესზე - უნდა დაადგინოს დანაშაულის ფაქტები. ეს მათი საქმიანობის მეორე ფაზაა. მესამე კი არის შოუ, რადგან „ქართული ოცნება“ უკვე ძალიან შეეჩვია ამ პროპაგანდისტულ წარმოდგენებს. ეს არის საჯარო გაკიცხვა კომისიური წესით. როგორც ჩანს, მოეწონათ 2008 წლის ომის შემსწავლელი კომისიის ფორმატი და მისი გამოყენება უნდათ, რომ საზოგადოების თვალში „მართლები“ გამოჩნდნენ. ეს სტილი - კანონით დადგენა, დამნაშავის პოვნა და საჯარო მხილება - არის სწორედ ის გზა, რომლითაც სამართალმცოდნეებით დაკომპლექტებული [მთავრობის] გუნდი ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას აპირებს.

- რატომ ეგუება ბიზნესი ასეთ დამოკიდებულებას?

- ახლა სწორედ მესამე საკითხზე გადავალ. პირველია პრობლემის კანონის პრინციპით დადგენა (მაგალითად: „ფასები მაღალია და ფასნამატი ჭარბია“). ეს უკვე დაადგინეს - თქვეს, რომ მოგება ჭარბია. შემდეგ მოდის დამნაშავის ძიება და მესამე, რაც ჩემთვის ცხადია: ვინ იქნება „განტევების ვაცი“? აქამდე პოლიტიკურ თემებში „განტევების ვაცები“ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, დასავლეთი და ა.შ. ახლა კი, ეკონომიკური პრობლემების ნაწილში, „განტევების ვაცად“ ბიზნესი გამოცხადდა. შესაბამისად, ბიზნესი უკვე უნდა ხვდებოდეს, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ პრობლემას მმართველი გუნდი ასე მიუდგება: ბიზნესი დამნაშავეა, მან უნდა აღიაროს ეს და გამოასწოროს. ეს სამი საკითხი ძალიან მკაფიოდ დალაგდა. სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი, რომ ამ შოუში მთავარი როლის შემსრულებელი სწორედ ქართული ბიზნესი იქნება, რომელსაც ბევრი ისეთი რამის აღიარება მოუწევს, რაზედაც დღეს, შესაძლოა, არც კი ფიქრობს.

- აქვს კი ბიზნესს საშუალება, რომ უარი თქვას ამ როლის შესრულებაზე, თუ უკვე ძალიან დაგვიანებულია?

- არ მაქვს დიდი სურვილი პოლიტიკურ კომპონენტზე საუბრის, მაგრამ ვიტყვი: ვინ უნდა დაეხმაროს ბიზნესს უფლებების დაცვაში?! უნდა ეხმარებოდეს მედია, სასამართლო, დამოუკიდებელი ასოციაციები, ბიზნესომბუდსმენი (რომელიც გააუქმეს) ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები, სადაც ბიზნესს არ მოუწევს ხელისუფლებასთან პირისპირ, მარტო შეჭიდება. ჩვენ არა მხოლოდ ეს ინსტიტუტები დავკარგეთ, არამედ მივიღეთ ძალიან სიმპტომატური ფორმატი: „საკომისიო წესით დაგიბარებთ და საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გავარჩევთ [საქმეს]. შალვა პაპუაშვილმა ეს პირდაპირ თქვა - „პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება - საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნაო“... ანუ დიალოგის რეჟიმს კი არ სთავაზობენ ბიზნესს, არამედ საჯარო დაკითხვის რეჟიმს, სადაც თუ არ მიხვალ, შესაძლოა, ციხეშიც აღმოჩნდე.

- ოპოზიციური პარტიებიდან პოლიტიკოსებმა ეს უკვე გამოცადეს...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები