მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში , - ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქცია. მინდა, მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და განსაკუთრებით იმ აქტიურ პირებს, რომლებიც სჩადიან სხვადასხვა უკანონო ქმედებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის აქციის მიმდინარე პერიოდში დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე, გარკვეულმა პირებმა უკვე დაიწყეს სხვადასხვა სახის უკანონო მოქმედებები. კერძოდ, პარლამენტის წინ შესასვლელთან სხვადასხვა საგნის სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე ფაქტი ჰქონდა შუშების ჩამტვრევას, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში, რის შედეგადაც ჩვენ მიერ მოხდა რეაგირება და ორი პირი ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აქცია დაწყებულია დაახლოებით 40 წუთია, მაქსიმუმ, ერთი საათი და უკვე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს და განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონის ჩარჩოებში. ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია, რათა დაიცვან კანონი, ასევე, მოგეხსენებათ, რომ გარდა დღევანდელი დღისა, წინა დღეებშიც განხორციელდა არაერთი დესტრუქციული ქმედება გარკვეული პირების მიერ, ჩვენ მშვიდობიან აქვიის მონაწილეებს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ როგორც გადაადგილებაში, ისე პროტესტის გამოხატვაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქციის გარკვეული პირების მხრიდან თავიანთი ქმედებები გასცდება კანონის ჩარჩოებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს გამოიხატება, რიგ შემთხვევაში გარკვეული პირების დაკავებით და იმ პროპორციული ძალის გამოყენებით, რაც ყოველდღიურად ხორციელდება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ძალადობრივი ქმედებები აღკვეთილი იქნება.
„ბოლო დღეებში ფაქტობრივად ყველანი ვხედავთ, მათ შორის საზოგადოება და თქვენც, ჟურნალისტები, რომ გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებას, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, რიგ შემთხვევებში ცეცხლს უკიდებენ, შუშებს ამტვრევენ პარლამენტის შენობაში, მთელ ქალაქში გადაწვეს, დაამტვრიეს სხვადასხვა სახის ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, პოლიცია მზად არის, აღკვეთოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთავთ. ვაფრთხილებთ ყველა იმ პირს, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უკვე მობილიზებულნი არიან და მოქმედებენ კანონის ჩარჩოებში, აქ რაიმე სახის დაშლა/არდაშლაზე არ არის საერთოდ საუბარი. ჩვენი ამოცანაა, რომ იყოს მშვიდობა და აქციის მონაწილეობა მშვიდ ვითარებაში განახორციელონ თავიანთი ქმედებებით და არა იმ ძალადობრივი გზით, რისი მომსწრენიც თითოეული თქვენგანი ხართ, რიგ შემთხვევაში თქვენი კოლეგები დაზიანდნენ მათი ქმედებებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.