საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით.
საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული. ამასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. ყველა მოძალადე და სამართალდამრღვევი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება. მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება. თუმცა, ვთხოვ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების ნებისმიერ ძალადობრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერი გადამეტებული ძალის გამოყენება რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოყენებული იქნება საკუთარი ძალადობრივი ქმედებების გადასაფარად.
"ძალიან მალე დასრულდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რითაც შეიქმნება მყარი საფუძველი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფისათვის.ამ ქვეყნის საბოლოოდ დამშვიდება არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისთვის, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარებისა და შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.