ბორჯომის რაიონში, სოფელ ზემო სადგერში მდებარე ტურისტული ობიექტის „ლენდჰაუს ბორჯომის“ დამფუძნებელი ეკა გეგეშიძე ამბობს, რომ წელს, რეგიონში ტურისტული ნაკადები შემცირებულია. აღნიშნულ საკითხზე მან BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ტურისტული ობიექტი ძირითადად არაბულ ბაზრებზე იყო ორიენტირებული, თუმცა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ შორის ისრაელში მიმდინარე ომმა, ამ სეგმენტზე მოახდინა გავლენა და ვიზიტორთა რაოდენობა შეამცირა.
"ძირითადად არაბულ ბაზარზე ვმუშაობთ, თუმცა ზაფხულში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სტუმარი საერთოდ არ გვყოლია. ამას ისრაელში მიმდინარე ომს ვუკავშირებ. ახლაც ძალიან ცოტა ხალხია და ძალიან რთული სიტუაციაა ჯავშნების კუთხით. რეგიონში სხვა ობიექტები ამბობენ, რომ ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 80%-ით არის შემცირებული”, – ამბობს ეკა გეგეშიძე.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჯავშნების მიმართულებით: „ასეთ ცუდ სურათს არავინ ელოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში შედარებით მშვიდობაა.“
ინფორმაციისთვის, „ლენდჰაუს ბორჯომი“ სოფელ ზემო სადგერში 5 კოტეჯს აერთიანებს. ობიექტის აშენება-მოწყობაში ჯამში 750 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. განთავსების ღირებულება, 6-კაციან კოტეჯში საშუალოდ 300 ლარს შეადგენს და სეზონისა და კოტეჯის ტიპის მიხედვით იცვლება.
ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 567 ათასი რუსეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (664.6 ათასი), თურქეთისა (430 ათასი) და სომხეთის (329 ათასი) მოქალაქეების მიერ.




























