მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთი თვეა არავინ არაფრად გვაგდებს“ - რას სთხოვს სასტუმროების მმართველი მთავრობას

5ef9e6dc87506
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.20 23:00
1839
მთავრობის მხრიდან ფრენების გადაწევამ მდგომაროება ტურისტულ სექტორში ძალიან დაამძიმა, არ ვიცი ზემოთ (მთავრობაში) რატომ ვერ ხედავენ ამას, - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროების „გუდაური ლოფტი“, „გეოგრაფი“ და Anaklia Resort Pratap's Signature-ს მმართველმა და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ ხელმძღვანელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, ერთი თვის წინ მთავრობამ ტურიზმის სექტორთან აქტიური კომუნიკაციით ინდუსტრიისთვის აუციელებელი გაიდლაინები შექმნა, თუმცა მას შემდეგ რაც შიდა ტურიზმი გაიხსნა აღარავინ კითხულობს, რა უჭირს სექტორს და რა საჭიროებები აქვთ.

„მთავრობის მხრიდან ფრენების გადაწევამ მდგომარეობა ტურისტულ სექტორში ძალიან დაამძიმა, არ ვიცი ზემოთ (მთავრობაში) რატომ ვერ ხედავენ ამას. თავიდან ძალიან კარგად დაიწყო პროცესების მართვა და კერძო სექტორის ძალიან ბევრი მოსაზრება გაზიარდა თუნდაც რეგულაციებში, რომელიც თავიდან დაიდო და რომელიც კიდევ საჭიროებდა დახვეწას. ერთი თვეა აბსოლუტურად არავინ არაფრად გვაგდებს. ჩათვალეს რომ „შიდა ტურიზმის“ გახსნით პრობლემა მოგვარდა“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.

მისი თქმით, სასტუმროების ნაწილის გახსნის მიუხედავად, მათ უმრავლესობას დამსვენებელი არ ჰყავს და ამ სექტორში დასაქმებულთა ძალიან დიდი ნაწილი უსახსროდაა დარჩენილი.

„რეგიონალური სასტუმროები რომ ავიღოთ ბაკურიანის, გუდაურის, რაჭის სასტუმროები ან არ იხსნებიან ან თუ იხსნებიან არ ჰყავთ დამსვენებელი. ჩვენთან თუ მოქალაქე მიდის და პირობითად ისვენებს ბაკურიანში თავისთვის, გიდი და მძღოლი რჩება უფუნქციოდ“, - განმარტავს ჰოტელიერი.

მისივე თქმით, ის რეგულაციები რაც მთავრობამ შეიმუშავა და სექტორს გადასცა სრულყოფილი არაა და დამატებითი საკითხების განსაზღვრას საჭიროებს, თუმცა ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მათთვის დაგზავნილი 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის შეტყობინების შემდეგ მათ არავინ შეხმიანებიათ.

„არ არის სრულად პროტოკოლი დადებული როგორ ვახორციელებთ ტურისტების მიღებას. ცხელების შემთხვევაში გადაგვყვავს ჯგუფის ერთი წევრი თუ მთელი ჯგუფი და სად გადაგვყვავს, ვაზღვევთ თუ არა ტურისტებს და რა შემთხვევაში უფინანსდებათ მათ კარანტინი ან მკურნალობა, რა სახით დაუფინანსდებათ და ა.შ.

ამასთან, როდესაც ჩვენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან დაგვეგზავნა წერილი, რომ პირველი ივლისიდან იხსნებოდა საზღვრები და ეს ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისთვის უნდა მიგვეწოდებინა, ამის შემდეგ აბსოლუტურად უყურადღებოდ ვართ დარჩენილი. უცხოელი პარტნიორები ჩვენგან პასუხებს ითხოვენ როგორ განხორციელდება ყველაფერი. ამაზე ვითხოვთ მთავრობისგან პასუხს, როდის გაიხსნება საზღვრები, იმიტომ რომ ზაფხული თუ არა შემოდგომა მაინც არ ჩაგვივარდეს. შემოდგომაზე ტურიზმის სექტორის მომიჯნავე დარგებს დაემატებიან მეღვინეები და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები და ამ სურათს ვერაფერი ვეღარ უშველის, ვერანაირი დახმარება რომელიც, რა თქმა უნდა, საჩუქრად არ შემოდის და პირდაპირი სესხია - საგარეო ვალია სახელმწიფოსთვის“, - ამბობს მურაჩაშვილი.

მისი თქმით, სექტორს გადარჩენისთვის „სანამ კიდევ დროა“ მთავრობის მხრიდან ყურადღება სჭირდება.

"მთავრობის წარმომადგენლები კერძო სექტორს დაგველაპარაკონ არა ასოციაციების მიმართულებით, არამედ უფრო ქვემოთ ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ ასოციაციაში ბევრის ხმა რომ შემოდის ალბათ არ აქცევენ მთავრობაში ყურადღებას. ტურიზმის ასოციაციაში ეს კითხვები და ტკივილები გაჟღერებული გვაქვს, თუმცა პასუხი არ არის.

ახლა გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ჩემს კოლეგებში ეკონომიკური კუთხით და რა თქმა უნდა, ეს იწვევს აგრესიას. სანამ კიდევ დროა, დაგველაპარაკონ, შეგვხდნენ იგივე საკომუნიკაციო არხებით გააგრძელონ ჩვენთან კომუნიკაცია, რაც მანამდე იყო და მოგვისმინონ. დავჯდებით მათთან ერთად ვიმუშავებთ ამ რეგულაციებზე და მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით, მაგრამ უნდა ვიგრძნოთ რომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან“, - უთხრა BM.GE-ს ჰოტელიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები