„თბილღვინო“ რთველის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, რაც მოსავლის აღებას უფრო ამარტივებს და ხარჯების ოპტიმიზაციას ახდენს. უკვე მეორე წელია, რაც ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ რთველის პროცესში, ყურძნის კრეფაში მანქანა „ჰარვესტერი“ ჩართო, რომელმაც ბაზარზე გამოწვევად ქცეული მუშახელის დეფიციტი გადაჭრა.
მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე „თბილღვინოს“ მმართველმა პარტნიორმა ზურაბ მარგველაშვილმა BMG tv-ის გენერალურ პროდიუსერთან გიორგი ისაკაძესთან, მისი კომპანიის შაშიანის ვენახში სტუმრობისას ისაუბრა.
"ჩვენი ბუნებრივი ლტოლვაა, რომ განვვითარდეთ, მევენახეობა-მეღვინეობაში საუკეთესო პრაქტიკა მოვიძიოთ და დავნერგოთ. ვენახის საკრეფი მანქანა ჩვენ ფრანგული კომპანიისგან შევიძინეთ, რომელიც სხვადასხვა ამოცანებს გვიწყვეტს. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს დიდ სავენახე მასივში, რომელიც ჯამურად 400 ჰა-ზეა გაშენებული, ყურძენი დროულად მოიკრიფოს, არ მოხდეს მისი გადამწიფება და მიღწეული ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუარესება. ეს დანადგარი ნაზად, მარცვლის დაზიანების გარეშე კრეფს ყურძენს და დღეს 2 ცვლაში მუშაობს. გარდა ამისა ჩვენ განსაკუთრებული ღვინოები გვაქვს, რომლებისთვისაც ყურძნის მოკრეფა ხელით ხდება", - აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.
"თბილღვინოს" მევენახე ვასილ გურასაშვილმა კი მანქანის მუშაობის პროცესი აღწერა და აღნიშნა, რომ დღეს ერთი ყურძნის მკრეფი მანქანა 250 მუშახელს ანაცვლებს.
„თბილღვინოს“ შაშიანის ნაკვეთში საფერავს მანქანით Harvester-ით ვკრეფთ. შედეგად ვაზზე რჩება მხოლოდ კლერტი და გამხმარი მარცვლები. თანამედროვე მანქანა ახდენს მარცვლების გადამუშავებას და მის უჟანგავი ფოლადის ძარაზე გადატანას. ყურძნის მარცვლის მოკრეფიდან მის გადამუშავებამდე პროცესს დაახლოებით 1 საათი ესაჭიროება.
საფერავის სიმწიფის პერიოდი 10 დღეა, რის შემდეგაც მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუარესება ხდება. “ჰარვესტერის“ საშუალებით ჩვენ დღეში 70-90 ტონა ყურძნის მოკრების შესაძლებლობა გვაქვს, მაშინ როდესაც ხელით კრეფისას ამას 250 ადამიანი დასჭირდებოდა.
მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობა ძალიან გააქტიურდა, რამდენადაც კახეთში ვენახების ფართობები გაიზარდა, მუშახელის რაოდენობა კი საკმარისი არ არის. აუცილებელია ხელით გასაკეთებელი სამუშაოები მანქანით შესრულდეს. შარშან და წელს მექანიკური მანქანები შემოვა. წელს ზოგადად 10-12 მანქანაა, მომავალ წელს ჩვენც ერთ მანქანას ვიმატებთ და ალბათ მათი რაოდენობა 20-25-მდე გაიზარდა, რაც მოსავლის აღებისას ოპტიმიზაციას მოახდენს“, - განმარტავს მევენახე.
ვასილ გურასაშვილი აღნიშნავს, რომ „თბილღვინო“ ევროპულ მევენახეობას მისდევს, რაც ვენახების მართვის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასაც გულისხმობს. შესაბამისად, მოსავლის ამღები მანქანის გარდა, კომპანიამ ისეთი მიდგომები დანერგა, როგორიცაა მეტეოსადგურები და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები.
„გასულ წელს ჩვენ „ჰარვესტერი“ მოვიყვანეთ, წელს მეტეოსადგურები და სეტყვის საწინააღმდეგო აპარატი შევიძინეთ. მეტეოსადგურები ყველა ვენახში გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს ტემპერატურა, ტენიანობა, ნალექიანობა განვსაზღვროთ. ასევე გვაქვს ავსტრიული სისტემა, რომელიც ამინდის შესახებ მიღებული ინფორმაციით საშუალებას გვაძლევს წინასწარ ვიცოდეთ რა დაავადება შეიძლება გაუჩნდეს ვაზს, როდის შეიძლება ვაწარმოოთ სამუშაოები და ა.შ.
რაც შეეხება სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარს, ის 500 მეტრის რადიუსის არეალში მოქმედებს და ხელს უშლის სეტყვის მარცვლების გამსხვილება-ფორმირებას. ამგვარად სეტყვისგან მიღებული ზარალის მინიმიზება ხდება“, - განმარტა ვასილ გურასაშვილმა.
როგორც მევენახე აღნიშნავს, ვაჩნაძიანის და ყვარლის ვენახების შემდეგ შაშიანში გაშენებულ ვენახში საფერავის ჯიშის ყურძენთან ერთად, კომპანიამ ქისი, ხიხვი, ალექსანდროული და მუჯურეთული გააშენა და წელს თავისი ვენახებიდან ჯამურად 3 000 ტონა ყურძნის აღება აქვს დაგეგმილი.