მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს ადამიანები დოვლათს არ ქმნიდნენ, ბიზნესს სამუშაო ძალა აკლდებოდა - ჰოტელიერი სოცდაუცველების დასაქმების პროგრამაზე

მურაჩაშვილი

კერძო სექტორის ნაწილი სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის შეჩერებას დადებითად აფასებს.

როგორც BMG-სთან კომპანია "სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი აცხადებს, აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ნაკლებ მოტივაციას აჩენდა, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებული. შესაბამისად, ჰოტელიერი ამბობს, რომ ეს გარემოება ბიზნესისთვის კადრების დეფიციტის პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებდა.

“ცალსახად, ეს ძალიან კარგია, თუმცა კარგი იქნება, თუ ბოლომდე სწორად მიჰყვებიან ამ საკითხს, ისე რომ დაზარალებული არ აღმოჩნდეს ის მხარე, რომელსაც რეალურად ძალიან სჭირდება დახმარება. [სოციალურად დაუცველები] საჯარო სამსახურში ისე იყვნენ დასაქმებულები, რომ შეეძლოთ საერთოდ არ მიეკითხათ იმ სამსახურისთვის და ამაში ხელფასი აეღოთ. ეს ჩვენ, კერძო სექტორს გვაკლებდა იმ ადამიანურ რესურსს და დამხმარე სამუშაო ძალას, რომელიც შეიძლებოდა ქვეყანაში გამოყენებულიყო, როგორც დოვლათის შემქმნელი.

წინ გადადგმული ნაბიჯი უკვე არის, რადგან ეს ადამიანები, რეალურად დოვლათს ვერ ქმნიდნენ და ეს არც იყო ინტეგრირება სამუშაო სფეროში, არც ტრენინგებში არ ითვლებოდა, უბრალოდ გაუგებრად მიდიოდა სადღაც თანხა, ეს რომ აღარ იქნება, უკვე კარგია”, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მისი ბენეფიციარების შრომის ბაზარზე ინტეგრაცია სწორედ მოხდეს.

“ამ ადამიანებისთვის, რომლებიც მიჩვეული არიან უბრალოდ არაფრის კეთების გამო, თუნდაც 300 ლარიანი დახმარების მიღებას, ცოტა რთული იქნება ამ ყველაფრის გაგება. შესაბამისად, ამ ხალხის ინტეგრაცია უნდა მოხდეს, რომ ისინი სწორ სამუშაო ძალად გარდაიქმნენ. ამისთვის სახელმწიფოს ჰქონდა პროექტი, როდესაც დასაქმების სააგენტოს მხრიდან გვიფინანსდებოდა ხელფასის 30 ან 40%, თუკი სოციალურად დაუცველებს დავასაქმებდით.

ეს ძალიან კარგი მოტივატორი არის კერძო სექტორისთვის, რომ აიყვანოს ასეთი ადამიანი სამსახურში და ექვსი თვეც კი მოანდომოს მის სწავლას და დატრენინგებას, პროფესიონალად შეიძლება ვერ ჩამოყალიბდეს ეს ადამიანი, თუმცა ყოველ შემთხვევაში ისეთ თანამშრომლად იქცევა, რომელიც ძალიან ღირებული იქნება საწარმოსთვის”, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

ცნობისთვის, 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას აჩერებს. ოფიციალური სტატისტიკით 2024 წლის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში 40 ათასამდე პირი იყო დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები