მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის… ჩვენი არგუმენტები წარვადგინეთ”- კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია მინისტრთან შეხვედრაზე

კოკა-კოლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით პლასტიკის ბოთლების აკრძალვის რეგულაციაზე ბიზნესთან შეხვედრა შედგა.

ბიზნესის წარმომადგენლები სამინისტროში გამართული შეხვედრის დეტალებზე საჯარო საუბრისას კონკრეტიკას ერიდებიან. "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაში" ამბობენ, რომ მათი მხრიდან წარდგენილი ინიციატივა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შესაფუთი მასალების რეგლამენტის ამოქმედებას ეხებოდა. კომპანიის ფინანსური მენეჯერი გვიხნის, რომ ამ გადაწყვეტილებით ნარჩენების შეგროვებას ბიზნესი თავად დაიწყებს და გადამუშავება როგორც დამოუკიდებელი დარგი განვითარდება. გოგა ახალაძე თვლის, რომ მზაობა ამ საკითხზე სამინისტროს მხრიდან არის.

“ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო არგუმენტები, თუ რატომ ვხედავთ პრობლემებს ამ რეგულაციის შემოღებაში, რა პრობლემები შეიძლება ამ მხრივ წარმოიშვას მწარმოებლებს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ამ რეგულაციით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რა მიზანიც სამინისტროს აქვს.

მსოფლიოს მოფიქრებული აქვს - ეს არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ეს მექანიზმი უნდა დაინერგოს, ხელი უნდა მოეწეროს შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგლამენტს და შესაბამისად შევთავაზეთ, სამინისტროს რომ დავიწყოთ ამ ნაწილით, დავნერგოთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, დავიწყოთ შეგროვება, რომ თუ რამე პრობლემა გამოჩნდება შეგროვების პროცესში, უკვე შემდგომ მოვიფიქროთ რით შეიძლება უფრო ეფექტიანად შევაგროვოთ ის ნარჩენი, რომელიც დღეს ბუნებას აბინძურებს და ჩვენც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ამაზე გული შეგვტკივა.

რვა წელიწადია დაახლოებით ამ თემაზე სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და რეგლამენტის პროექტი, ჩვენთან შეთანხმებით შემუშავდა. ბევრი დავის შემდეგ, ბევრი განხილვის შემდეგ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ ორივე მხარემ , სამინისტრომაც, მეწარმეებმაც და საბოლოო ჯამში მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ვფიქრობ მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბუნებიდან ნარჩენების ამოღებას, რაც ყველას ერთად გვაწუხებს.

პრემიერის დავალება იყო ეს შეხვედრა შემდგარიყო. ეს შეხვედრა არ იყო მხოლოდ შეხვედრისთვის, ადგილზე იყო გარკვეულ აზრთა შეჯერება. როგორც მინისტრმა განაცხადა, იგეგმება ამ რეგლამენტზე ხელის მოწერა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სრულად ამოქმედება. იმედია, რომ კარგ შედეგებსაც მივიღებთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად მზად ვართ და ბევრ რამეზე ვმუშაობთ, რომ ეს პროექტი იყოს ძალიან წარმატებული.”- ამბობს "კოკა-კოკა ბოთლერს ჯორჯიას" ფინანსური მენეჯერი გოგა ახალაძე.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.

დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.

ირაკლი კობახიძის ბოლო, 16 მარტის განცხადებით კი, პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ იქნება მიღებული.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები