ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ იქნება მიღებული. კობახიძის თქმით, მთავრობა მზად არის, განიხილოს როგორც რეგულაციის გადავადება, ისე მისი შეცვლა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საკითხზე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს და მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია სექტორის წარმომადგენლებთან.
საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ 12 მარტის სხდომაზე მიიღო დადგენილება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“.
"ამ თემაზე მუშაობდა და მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენ გვქონდა შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მე, პირადადაც მქონდა ეს კომუნიკაცია და პირადად დავპირდი სექტორის წარმომადგენლებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი. ერთ მხარეს არის გარემოსდაცვითი ინტერესები და მეორეა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება.
თუმცა ამასთან, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტი, ბიზნესის ინტერესი. ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ახლა არის მიღებული მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილება და ველოდებით სექტორთან კონსულტაციებს, რომლებიც აუცილებლად გაიმართება, დრო ბევრია. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი გადაწყვეტილების ამოქმედება დაგეგმილია 2027 წლის 1 თებერვლიდან. ამ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გვექნება კონსულტაციები, შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ, აბსოლუტურად ღია ვართ. ჩვენ არ გვინდა დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები. არც კონკრეტული პროდუქციის გაძვირება გვინდა. შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ერთნაირად დაიცავს ბიზნესის და ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.
დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.




























