"გუშინ საქართველოში არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მადლობა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში. მინდა ხაზი გავუსვა პასუხისმგებლობას, რომ მობილიზაცია გაუკეთეს ამომრჩეველს და გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და გამარჯვებულ პარტიას, მის თითოეულ წარმომადგენელს და კანდიდატებს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მან.
ყაველაშვილმა არჩევნების პარალელურად, გუშინ თბილისში აქციაზე მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა.
„სამწუხაროდ, პარალელურად მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობის მიზნით. საზოგადოებამ იხილა ვანდალური აქტები და მოწოდებები. საქართველოს მოქალაქეების მაღალი სტანდარტის მიუხედავად, ჯერ კიდევ მოქმედებენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ყოველდღიურად სტუმრებისთვის ღიაა, დალეწეს და დააზიანეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ასეთი ძალადობრივი აქტის განხორციელება არავის უნდა ეპატიოს. ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
„მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინების დროს“ - დასძინა მან.
შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაკავებულებს „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".




























