როგორი გულშემატკივრებიც იყავით ჩვენი ფეხბურთელების, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ გამოგეჩინათ ქართული დროშა, ასევე ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს[საარჩევნო უბანი] და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი, - ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს.
ვიდეომიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო, მე მინდა გითხრათ, რომ ახლა თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს რუსეთის გავლენის ქვეშ, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ არც ჩამოხვალთ, არც დაბრუნდებით და არც გექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდეთ.
ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი, რამდენად გართულდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, ძალიან აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც გუშინ როგორი გულშემატკივრებიც იყავით ჩვენი ფეხბურთელების, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ გამოგეჩინათ ქართული დროშა, ასევე ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ სადაც არ უნდა იყოს და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი“, - აცხადებს პრეზიდენტი.