მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს არის არჩევნების გაყალბებისთვის დაწყებული პროცესი“ – გიორგი შარაშიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

მაუწყებელი

„მედია დღეს, ფაქტობრივად, არის დასაცავი – დასაცავი სწორედ ოცნების უხილავი თუ ხილული ხელისგან, რომელიც ცდილობს ყველგან ჩაერიოს, ყველაფერი გააკონტროლოს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი საკუთარ ინტერესებს მოარგოს და პარტიას დაუქვემდებაროს“, – ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა გიორგი შარაშიძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ს მთავარი განხილვის თემა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, თვისებრივად იცვლება მედიის რეგულირების მექანიზმი და ის თვითრეგულირების სფეროდან დიდწილად რეგულირების სფეროში ინაცვლებს.

უფრო კონკრეტულად: შესაძლებელი გახდება უხამსობის, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება კომისიაში.

კომისია ასევე უფლებამოსილი იქნება, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელებისას, ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში,მოახდინოს რეაგირება და დამრღვევს, კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ცვლილება საბოლოოდ სასამართლოში გასაჩივრების საშუალებასაც იძლევა.

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა. უმრავლესობა ამბობს, რომ კანონპროექტში ასახულია ევროსაბჭოს რეკომენდაციები, შესაბამისად, მისი მიღებით შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, შეიქმნება ტერორიზმისაკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე და შესრულებულად ჩაითვლება 12-პუნქტიანი გეგმის მე-7 პუნქტი.

გიორგი შარაშიძეს მიაჩნია, რომ კანონში ცვლილებებით ქართული ოცნება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. „ცვლილება არ უნდა განვიხილოთ განცალკევებულად. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი პროცესის ნაწილი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ ახლახან იყო ცვლილება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. ამას მოჰყვა მაუწყებლის შესახებ კანონში მედია გარემოსთვის ძალიან დამაზიანებელი და საფრთხის შემცველი და ძალიან სარისკო ცვლილება. რას ემსახურება ეს ყველაფერი?ჩემი აზრით და ჩვენი გუნდის აზრით, ეს ყველაფერი ემსახურება არჩევნების გაყალბებისთვის უკვე დაწყებულ პროცესს. ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგად თუ როგორ აკეთებს ამას ოცნება – ფაქტობრივად არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ სარგებლობს ნდობით“ – ამბობს გიორგი შარაშიძე.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ამ ტიპის ცვლილებებს საქართველოსგან ევროკავშირი არ ითხოვს.„ევროკავშირი ნამდვილად ითხოვს, გასაჩივრების მექანიზმების შემოტანას – მაგრამ ის ცვლილებების დეტალებში არ შედის. და რა თქმა უნდა ოცნება რის ოცნებაა, რომ არ ისარგებლოს ამით და საკუთარ თავზე არ მოირგოს ევროკავშირის მოთხოვნა, ევროკავშირის საფარქვეშ არ გაატაროს ისეთი ცვლილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის პარტიულ ინტერესს ექვემდებარება, ამიტომ ვახსენე მე არჩევნების გაყალბებისთვის დაწყებული პროცესი“ – ამბობს გიორგი შარაშიძე „ანალიტიკა“–სთან.

მისივე თქმით, არც უხამსობის რეგულირებაა ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნა. „ ესეც ესეც ოცნების ინტერპრეტაციაა. ვინ გადაწყვეტს, რა არის უხამსობა? კახა ბექაურის უწყება? საქმე გვაქვს სახელმწიფო ცენზურასთან“ – ამბობს გიორგი შარაშიძე.

პარტია საქართველოსთვის წევრს მიაჩნია, რომ ახლა – მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები სამი მოსმენით უკვე მიიღო – მთავარ გამოწვევად რჩება ის, რომ მთავრობამ ამ ცვლილებებით ისარგებლოს.

"არ უნდა მივცეთ მთავრობას უფლება, საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს კანონში შეტანილი ცვლილებები. უფრო ფართო კონტექსტში, ეს ცვლილებები გაცილებით დიდი რისკების შემცველია“, – ამბობს გიორგი შარაშიძე „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები