პარლამენტარ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის თქმით, ფასებთან დაკავშირებით "ოცნების" მიზანი საკუთარი პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა მიმართულებით გადატანაა. როგორც მან "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა, პრობლემა პირველ რიგში არის „ქართული ოცნების“ წლების განმავლობაში წარმოებულ არასწორ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაში.
საქმე ისაა, პარლამენტმა შექმნა დროებითი კომისია, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნას შეისწავლის. კომისია 14 წევრისგან შედგება, კვოტები კი პარტიულ პრინციპზე განაწილდა: 7 წევრი "ქართული ოცნებიდან", 3 – "ხალხის ძალიდან", 3 – ფრაქცია "საქართველოსთვის" და ერთი – "ევროპელი სოციალისტებიდან". კომისიის მუშაობის ვადა განსაზღვრულია 3 თვემდე და პირველი სხდომა დღეს, 5 თებერვალს ჩაინიშნა.
გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, რომ მაღალი ფასები მართლაც გამოწვევაა, თუმცა მას პოპულისტური მიდგომა ვერ გადაჭრის. მან ასევე ისაუბრა „გახარია საქართველოსთვის“ როლზე საპარლამენტო კომისიაში და მოლოდინებზე, რომელიც პროცესთან მიმართებით აქვს.
"როდესაც შევდივართ მარკეტებში, მაღაზიებში, ვხედავთ რომ პროდუქციის ფაქტობრივად 80%-ზე მეტი არის იმპორტირებული, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში შეეძლო „ოცნებას“ ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომ გარკვეული შეღავათების დაწესებით, წახალისებით, ადგილობრივი წარმოება გაეზარდა და ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩვენ მოგვეხდინა იმპორტირებულის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება. ან ეზრუნა მაგალითად ინფლაციის შემცირებაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ გააკეთეს და წინასაახალწლოდ, როდესაც განსაკუთრებით თვალშისაცემია გაზრდილი ფასები ჩვენი ოჯახებისთვის და მოქალაქეებისთვის, ზუსტად ამ დროს დაიწყო მორიგი პროპაგანდისტული კამპანია. ოღონდ ეს ისე არ გამიგოთ, თითქოს ჩვენ ამ ზოგადად ფასების შემცირების რამე პრობლემა გვქონდეს, ან წინააღმდეგი ვიყოთ. რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ფასები ამ ქვეყანაში არის უსამართლოდ მაღალი და ფასები უნდა შემცირდეს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა პროპაგანდისტულად, არა ერთჯერადად, ხელოვნური ჩარევით, ან ბიზნესზე წნეხით, არამედ ეს უნდა მოხდეს, პირველ რიგში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით - ეს არის მთავარი. ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვიქნებით ამ კომისიის ნაწილი.
იმ კომპეტენციიდან გამომდინარე, რასაც ატარებს „ოცნება“ და მისი გუნდი, მოლოდინები არ გვაქვს, რაღაც განსაკუთრებული. მაგრამ რაღაცა უნდა დადონ. ეს იქნება, მაგალითისთვის, პროდუქციის მხოლოდ რაღაც ნაწილზე ფასების შემცირება, ისიც დროებით, იმიტომ, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს მართლაც ერთჯერადი, მოკლევადიანი ეფექტი. ამიტომ ჩვენი როლი არის ის, რომ ეს არ დავუშვათ. იმიტომ, რომ მოკლევადიანი გათვლით, ბიზნესზე ხელოვნური წნეხის შედეგად დაკლებულმა ფასმა გრძელვადიანად შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჩვენს ეკონომიკას.
ჩვენ პირველ რიგში, საქმე გვაქვს მთავრობასთან, ეროვნულ ბანკთან, ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, რომელიც სხვათა შორის ამ წლების განმავლობაში მთავარი ორგანო უნდა ყოფილიყო, რომელსაც უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ანტიმონოპოლიური კანონი დაცული ყოფილიყო და - როგორც ჩანს, სწორედ აქ არის მთავარი პრობლემები - რომ არ მომხდარიყო ერთგვარი, მართლაც კარტელური გარიგებები ამ კომპანიებს შორის და შესაძლებელია ეს არის კიდეც და რა თქმა უნდა თუ ეს ასეა, მაშინ სწორედ მთავრობა იყო ვალდებული, რომ ამ წლების განმავლობაში ეზრუნა იმაზე, რომ ეს არ მომხდარიყო. მთავარი აქ არის ის, რომ სუს-ით, ხელოვნური ჩარევით, ბიზნესის დაშინებით, ეს პრობლემა არ გვარდება.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება. მარტო საკვები პროდუქტები კი არ ძვირდება, არამედ ყველაფერი ძვირდება და თუ ეს ასეა, მაშინ რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის პირველ რიგში მთავრობა",- ამბობს გიორგი შარაშიძე.




























