საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, თამარ ონიანი მიიჩნევს, რომ "გრანტების კანონში" "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღება იზოლირებული შემთხვევა არ არის და ის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შეზღუდვის საერთო ტენდენციის ნაწილია. როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, მისი შეფასებით, "გრანტების კანონი" რეალურად 2024 წელს მიღებული ე.წ. "რუსული კანონის" გაგრძელებაა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა ცვლილებებს "გრანტების შესახებ" კანონში. ახალი რეგულაციით, გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც შეიძლება მოხმარდეს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობას.
აღნიშნული ცვლილება აგრძელებს მიმდინარე წლის მარტში დაწყებულ საკანონმდებლო გამკაცრებას, რომლითაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.
"შეიძლება ეს ცვლილებები შეიფუთოს ისე, თითქოს გრანტების შესახებ კანონი საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა რეალობა სხვაგვარია. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციებისთვის სივრცის შემზღუდველი საკანონმდებლო კლიმატის მცდელობა ჯერ კიდევ 2023 წელს არსებობდა, ხოლო მისი რეალური განხორციელება 2024 წელს, ე.წ. რუსული კანონის მიღებით ვნახეთ. ამიტომ, ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა დავინახოთ", - აცხადებს თამარ ონიანი.
საიას თავმჯდომარის განმარტებით, კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანი არა ფინანსური გამჭვირვალობა ან სახელმწიფო უსაფრთხოება, არამედ უფლებადამცველ საქმიანობაზე კონტროლის დამყარებაა. ონიანი ხაზს უსვამს იმ რისკებსაც, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრებამ წარმოშვა.
"გრანტების კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 2025 წლის 16 აპრილს დაინიცირდა და 2026 წლის მარტში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ორგანიზაციების ფინანსურ კონტროლს, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტს მოჰყვა სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც მათ შორის დაინერგა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ნაწილი და რას ისახავს ეს ყველაფერი მიზნად. ამ ყველაფერს არაფერი არ აქვს საერთო სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან.
ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებადამცველებს გამოკითხვებზე იბარებს უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელების გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ უფლებადაცვითი საქმიანობა ქვეყანაში რეალურად ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო საქმიანობად ცხადდება. ბუნებრივია, რომ ამას არაფერი არ აქვს საერთო კონსტიტუციით გათვალისწინებულ და დაცულ ეროვნულ უსაფრთხოებასთან, არამედ ეს არის ფარული განზრახვით მოტივირებული. ამიტომაც მტკიცება იმის შესახებ, რომ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობა გაიცემა, ბუნებრივია, რომ ამ სურათში ვერ გაუძლებს კრიტიკას, რომელიც ამბობს, რომ რეალურად ყველა ეს ცვლილება მიზნად სამოქალაქო სივრცის შევიწროებას და დღეს არსებული რეალობით საერთოდ ამ სივრცის გაქრობას ისახავდა", - განმარტავს ონიანი.
მისივე თქმით, საკანონმდებლო პროცესი, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს, შეიძლება შეფასდეს, როგორც "ძალადობრივი კანონშემოქმედებითობა". ონიანი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობაში არსებული "მიზანმიმართული ბუნდოვანება" საზოგადოებაზე მსუსხავი ეფექტის მოსახდენად გამოიყენება.
"მთელი ეს საკანონმდებლო პროცესი შეიძლება დახასიათდეს როგორც სამეცნიერო ტერმინია - ძალადობრივი კანონშემოქმედებითობა, როდესაც კანონებს იღებენ იმის გამო, რომ კონკრეტული კონტროლი დამყარდეს ამ თუ იმ საქმიანობაზე. ძალიან ცხადი გამოწვევების მიღმა კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი - რატომ არ აკმაყოფილებს ეს ცვლილებები კანონის ხარისხის მოთხოვნებს.
ეს არის მიზანმიმართული ბუნდოვანება, როგორც ამ ტიპის კანონმდებლობის მთავარი არქიტექტურა. ეს არის მთავარი, განა ის, რომ კონკრეტულად ვერ დაიწერა რა იზღუდებოდა, არამედ - მიზანმიმართული ბუნდოვანება იმისთვის, რომ ამას ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი ადამიანებზე და ეს არ არის მარტო გრანტების კანონის დარღვევა, არამედ აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი - სისხლის სამართლის კოდექსი. ფაქტობრივად, ეს ცვლილებები ამზადებს ნიადაგს მომავალი პოლიტიკური პატიმრებისთვის", - აცხადებს საიას თავმჯდომარე.
თამარ ონიანი ასევე ეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე და დაგეგმილ დავებს. მისი თქმით, საია აგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს.




























