ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) 14-16 იანვარს საქართველოს ეწვევიან.
პრესრელიზის თანახმად, ფაქტების მოძიების მისიის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა შეხვდებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მთავრობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ეს რეგულარული მონიტორინგის ვიზიტია და შეხვედრები არ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურობის პოლიტიკურ მხარდაჭერად.
"ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ მხარდაჭერად ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც ხვდებიან",- წერია რელიზში.
ამასთან, თანამომხსენებლები აპირებენ მოინახულონ რამდენიმე დაკავებული მომიტინგე, რომელთა ბრალდებამ და დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია.