ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლები, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან. ამის შესახებ PACE-ის სოციალურ ქსელში დაიწერა.
„PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, იულიან ბულაი, მიესალმებიან საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად გამოცხადების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
PACE Georgia monitors Claude Kern and @editeestrela, together with the head of its election observer team @iulibulai, have welcomed the cancellation by the Georgian Anti-Corruption Bureau of its decision to declare @Transparency_GE as having “declared electoral interests”.
— PACE (@PACE_News) October 2, 2024
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "აირჩიე ევროპა"-ს თანადამფუძნებლები: ხათუნა ლაგაზიძე, სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივა ჭყონია - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღე მისცა. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. TI-მ სასამართლოში იჩივლა, თუმცა როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, გადაწყვეტილება, რომლითაც TI-ის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. შედეგად, TI-ზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები გავრცელდა. გუშინ, კი პრემიერ-მინისტრმა რაჟდენ კუპრაშვილს მიმართა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. კობახიძის მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა.