„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” (TI) მესტიის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლითა და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით მესტიის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები გამოავლინა.
TI-ის ინფორმაციით, დადგინდა, რომ 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული. ამ თანამდებობის პირთა შორისაა პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც თავად არის ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი.
TI-ში ხაზს უსვამენ, რომ ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, განსაკუთრებით მუნიციპალურ იურიდიულ პირებში, სადაც დასაქმების არსებული პრაქტიკა, საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, კონკურსის გამოცხადების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების, ასევე მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომელთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი კომპეტენცია, გამოცდილება და კეთილსინდისიერება იყოს.
"ცხადია, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას, თუმცა ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში დასაქმებულთა შორის გამოვლენილი ნათესაური კავშირების სიმრავლე აჩენს ეჭვებს ნეპოტიზმთან დაკავშირებით", - განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".