მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არის საქართველოს წარმატება" - ნინო სუხიშვილი "კარნეგი ჰოლში" გამართულ კონცერტზე

ნინო სუხიშვილი

ანსამბლის „სუხიშვილები“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ნიუ-იორკში, "კარნეგი ჰოლში" გამართული კონცერტის შემდეგ მიღებულ საერთაშორისო გამოხმაურებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კონცერტს ესწრებოდა ხელოვნების, კულტურისა და ბიზნესის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები - ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, ქორეოგრაფები, თეატრების დირექტორები, ბროდვეის პროდიუსერები და ბანკირები. მათ შორის, სუხიშვილის ინფორმაციით, კონცერტს ესწრებოდა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც, მათ შორის ამერიკული Vogue-ის, Forbes-ის, The New Yorker-ის, The New York Times-ისა და Daily Mail-ის რედაქტორები.

""კარნეგი ჰოლის" კონცერტზე ისეთი მაყურებელი გვყავდა, ვინც დღეს ხელოვნებასა და კულტურაში რამეს წარმოადგენს. კონცერტის შემდეგ, მოდიოდა წერილები, მეილები, სოციალურ ქსელში გვწერდნენ, იწერებოდა საოცარი ბლოგები - ხშირად სრულიად უცნობი ადამიანებისგან, რომლებიც კონცერტით აღფრთოვანებული იყვნენ. სხვათა შორის, წერილებს ახლაც გვწერენ.

ეს არის საქართველოს წარმატება, ქვეყნის წარდგენა. როცა კონცერტის შემდეგ ამერიკული ბანკის წარმომადგენელი გწერს, რომ მანამდე საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებდა, მაგრამ ახლა აუცილებლად ჩამოვა, ეს ქვეყნისთვის უდიდესი შედეგია“, - განაცხადა მან.

ნინო სუხიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „სუხიშვილები“ პირველი საცეკვაო ანსამბლია, რომელმაც „კარნეგი ჰოლში" სცენაზე ცეკვით წარმოადგინა საკუთარი ხელოვნება : "”კარნეგიმ” თავად გვითხრა, რომ ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამ სცენაზე ცეკვით წარდგა. ჩემთვის ეს ტრიუმფი ლა სკალას ტოლფასია - ისე, როგორც 60-იან წლებში ანსამბლის ისტორიული გამოსვლა ლა სკალაში ჩაიწერა ოქროს ასოებით, ჩემთვის "კარნეგის" ტრიუმფიც იმავე მნიშვნელობისაა“, - აღნიშნა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, კონცერტის შემდეგ უკვე შემოვიდა არაერთი საერთაშორისო შეთავაზება და ახალი პროექტების წინადადება, რაც ანსამბლისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

ნინო სუხიშვილმა ასევე დააანონსა, რომ „სუხიშვილები“ „კარნეგი ჰოლის“ პროგრამას საქართველოს მაყურებელსაც წარუდგენს - კონცერტები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 9, 10 და 11 რიცხვებში გაიმართება.

„ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი მაყურებელი და ყველაზე პრესტიჟული სცენა. ზუსტად იმავე პროგრამას წარმოვადგენთ, რაც "კარნეგი ჰოლში" იყო, და უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა“, - განაცხადა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები