საქართველოში ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანია - “ავერსი” ჯგუფის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ გადაცემა “ბიზნეს კვირეულის” ეთერში ჰოლდინგის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა.
“მირჩევნია სამედიცინო სფეროში ვიშოვო 100 დოლარი, ვიდრე ნავთობში 1000 დოლარი” - ასე პასუხობს პაატა კურტანიძე გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, თუ რატომ არ შედის ჯანდაცვის სფეროს გარდა ეკონომიკის სხვა სექტორებში. პაატა კურტანიძე განმარტავს, რომ ის მოწოდებით ექიმია და საკუთარ მისიად სწორედ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მიაჩნია.
“დივერსიფიცირებული არ მაქვს ბიზნესი და სხვა სფეროში არ ვსაქმიანობ, მიუხედავად თვე არ გავა არ შემომთავაზონ სხვა მიმართულებებში ინვესტირება.
სასტუმროებიც კარგია და სუპერმარკეტებიც, მაგრამ ადამიანმა პირველ რიგში ის საქმე უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებს. განათლებითაც ექიმი ვარ, სულით და გულითაც ექიმი ვარ და ჩემი მოწოდება არის ეს არის დავეხმარო ავადმყოფ ადამიანს. ეს მიმაჩნია ჩემ მისიად ცხოვრებაში.
თუ მე მექნა თავისუფალი სახსრები ან მეტი დრო, მირჩევნია, ისევ ამ სფეროს მოვახმარო, ვიდრე მშენებლობაში, სასტუმროებში ან სხვა სფეროში გავაკეთო ინვესტიცია. ის სხვა ბიზნესია. მე ეს ბიზნესი ძალიან კარგად ვიცი, ის - არა, ხოლო მხოლოდ ის რომ მეტი ფული ვიშოვო, ეს არ არის ჩემთვის მოტივაცია. მირჩევნია სამედიცინო სფეროში ვიშოვო 100 დოლარი, ვიდრე ნავთობში - 1000 დოლარი”, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
ბიზნესმენმა პაატა კურტანიძემ “ავერსი” 1994 წელს დააფუძნა, გასული 30 წლის განმავლობაში კომპანია ერთ-ერთ ჯანდაცვის უმსხვილეს ჰოლდინგად იქცა, რომელიც 10 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 337 აფთიაქით და 30-მდე სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი. ბოლო ფინანსური ანგარიშგებით, რომელიც 2022 წლის შემოსავლებს ასახავს ჯგუფს 738 მილიონი ლარის შემოსავალი და 62 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.