“რესქულის” დამფუძნებელი, სალომე მგელაძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, რომ საზოგადოებამ არცერთი ნაბიჯი უკან არ უნდა გადადგას, რადგან სხვა შანსი აღარ იქნება.
მისი თქმით, ეს არის ბოლო ბრძოლა, შესაბამისად ბიზნესის ხმის მეტად გაგება ამ პროცესებში არის მნიშვნელოვანი.
„ვფიქრობ, რომ არცერთი ნაბიჯით არ უნდა დავიხიოთ უკან. იმიტომ, რომ ეს არის ბოლო ბრძოლა. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამის შემდეგ არჩევნები საერთოდ აღარ იქნება. პირდაპირ დაწერენ იმ ციფრს, რაც მოუნდებათ, როგორც ეს რუსეთში ხდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბიზნესის ხმა მეტად უნდა ისმოდეს ამ პროცესებში. უფრო მეტად ერთიანები უნდა ვიყოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმიტომ, რომ ხალხთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და როცა 200 000 ადამიანი ყოველღამე ვდგავართ ერთად და ვაპროტესტებთ, ამის უგულებელყოფა ფიზიკურად ვერ მოხდება.
ყოველდღე რომ გავდივარ და ჩემს შვილებს ვემშვიდობები, არც კი ვიცი დავბრუნდები თუ არა. იმიტომ, რომ ჩემ გარშემო ყველა დააკავეს, ყველას შეუვარდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქალს, კაცს, ბავშვს, არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. ამიტომ, როდესაც უკვე ამ სიტუაციაში ვართ, აქ აღარ არის ლაპარაკი პოლიტიკურ პრეფერენციებზე და მიკუთვნებადობაზე, აქ საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე“, - ამბობს სალომე მგელაძე.