ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არ არის უბრალოდ ორი კანონის მისაღებად, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ხდება შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე და არეულობის დათესვის მცდელობაა, ამიტომ ის საზოგადოებას მოუწოდა, რომ საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია.
„გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ-პროპაგანდა კარგია. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს“ უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც უნდათ, იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა ისიც კი არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას. გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი თანხების 90 პროცენტზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება. გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც, თითქოს, სოფლის მეურნეობას, შშმ პირებზე ზრუნვას თუ კავკასიურ სახლს მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა. როგორც კი დასჭირდათ, ყველა ეს „ენჯეო“ ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირეს.
პირდაპირ გვეუბნებიან ქართველებს, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება და არანაირი უფლება არ გვაქვს ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს ჩვენ ქვეყანაში ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას, ნარკოტიკების პროპაგანდას, რადიკალიზმს, ქვეყნის არდასვენების გამუდმებულ მცდელობას. გვეუბნებიან რომ ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა იცოდეს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, რომელიც „ენჯეოების“ და ლგბტ-პროპაგანდის შესახებ კანონების მიღებას უკავშირდება, სინამდვილეში, არ არის ბრძოლა უბრალოდ ორი კანონის მისაღებად, ეს არის გადამწვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.
დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს - საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა და ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველოს ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებას.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.