მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს დიდი დარტყმა იქნება კლინიკებისთვის“ - ჯანდაცვის ასოციაცია აზარაშვილის განცხადებას ეხმაურება

62cc3d5f0f995
ელენე გოგბერაშვილი
11.07.22 21:31
7994
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილ მომსახურების ტარიფების ინდექსაციაზე უარი უთხრა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კერძო სექტორი სამინისტროსგან შესაბამის გადაწყვეტილებას მიმდინარე თვეში ელოდა. კერძო სექტორის შეთავაზებული მოდელის მიხედვით, ტარიფების ზრდა, თუნდაც მხოლოდ რეანიმაციულ მომსახურებაზე, საქსტატის მიერ დადგენილი ინფლაციის პროცენტით შეიძლება მომხდარიყო.

ტარიფების ინდექსაციას სამედიცინო სექტორი ე.წ DRG-ის, კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებამდე ითხოვდა, რომელიც დაანონსებულია, რომ საპილოტე რეჟიმის შემდეგ მთლიანად სექტორზე წლის ბოლოდან უნდა გავრცელდეს.

როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის მინისტრი ახალ სისტემაზე გადასვლამდე ტარიფების გადახედვას მიზანშეწონილად არ თვლის.

DRG-სისტემაზე სრულად გადასვლამდე ინდექსაცია არ იქნება, რადგან არ ვიცით საიდან უნდა გამოვიდეთ - ინფლაციას უნდა მივაბათ ტარიფი თუ არა, კონკრეტულ ნოზოლოგიებს... ახლა ითხოვენ რეანიმაციას მივაბათო - რატომ მას და არა სხვას?! ეს რამდენიმე თვის პროცესია, რომელიც გეგმის მიხედვით მიდის. ამ პროცესს უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ სამართლიანი ტარიფები იქნება, და არა ის, რომ დღეს რაღაც ტარიფი შემოვიღოთ და როცა DRG შემოვა, იმან გვიჩვენოს, რომ ტარიფი შესამცირებელია... არასერიოზული გამოვა“, - განმარტა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა bm.ge-ს კითხვაზე პასუხად.

ზურაბ აზარაშვილის ეს განცხადება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა სამედიცინო ასოციაციისთვის, რომელიც 130 კლინიკას აერთიანებს. დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელი bm.ge-სთან მინისტრის განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

„მინისტრის განცხადება ჩვენთვის სიახლე იყო, აქამდე ველოდებოდით, რომ რეანიმაციის ტარიფებს მოჰყვებოდა აუცილებლად ინდექსაცია, ასე ვიყავით მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებული. შესაბამისად დღეს უკვე ვაპირებდით ჩვენი კომენტარების გაგზავნას.

არაერთხელ აღვნიშნეთ ასოციაციის წევრებმა, რომ ინდექსაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტის მომსახურების ხარისხზე ყველაზე მეტად აისახება სწორედ არასაკმარისი ტარიფები. როგორც იცით 2013 წლის შემდეგ ჰოსპიტალური სექტორისთვის ხარჯების ზრდა განაპირობა როგორც იმპორტირებული ინვენტარის სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, ასევე კომუნალური გადასახადების ზრდამ. ტარიფები არათუ გაიზარდა, 2019 წლის 520-ე დადგენილების საფუძველზე შემცირდა და ხშირ შემთხვევაში მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი გაწეულ ხარჯს ვერ ფარავს.

მინისტრმა დღეს თქვა, რომ მნიშვნელოვანია პაციენტის მომსახურების ხარისხი. ხარისხის დარეგულირება მხოლოდ შემოწმებით არ მოხდება, შემოწმებაც უნდა მოხდეს სწორად გაწერილი გაიდლაინების და პროტოკოლების მიხედვით. ამაზე სერიოზულადაა სამუშაო და კანონმდებლობაში ცვლილებები შესატანია. რა თქმა უნდა, ვინც ვერ დააკმაყოფილებს, იმ სამედიცინო დაწესებულებამ აღარ უნდა მიიღოს საქმიანობის ნებართვა, ამას მივესალმებით, მაგრამ თუ არ მოხდება სწრაფად ინდექსაცია, ვერაფრით ვერ შეძლებენ სამედიცინო დაწესებულებები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ახლახან მოვისმინეთ, რომ თურმე ინდექსაცია არ მოხდება და 9 თვე ტყუილად ველოდეთ. სექტორი შევიკრიბებით და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე. რა თქმა უნდა, ეს დიდი დარტყმა იქნება იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობენ",-განმარტა სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები