მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს ელ კომპანი" თბილისში, GÉNOISE-ს ბრენდის ქვეშ კაფე-ბულანჟერიას ხსნის

ეს ელ ქომფანი

საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ეს ელ კომპანი“ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე GÉNOISE-ს ბრენდის ქვეშ პირველ ფილიალს ხსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლალი სამსონიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ობიექტის გახსნა 2026 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

„ეს ელ კომპანი“, რომელმაც ოპერირება 2013 წელს სამი თანამშრომლით დაიწყო, დღეს 150-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ახალციხეში საკუთარი საწარმო აქვს. კომპანიის პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტებსა და ობიექტებშია წარმოდგენილი, ხოლო თბილისის ფილიალი მისი განვითარების ახალი ეტაპია.

„გვსურდა, რომ თბილისის ბაზარზე შევსულიყავით, მაგრამ ამისთვის გამოცდილება და საფუძვლიანი მზადება იყო საჭირო. ახლა უკვე გვაქვს გამართული ტექნოლოგიური ბაზა ახალციხეში, საიდანაც თბილისში, პროდუქციის დაახლოებით 80% მომარაგდება, ხოლო ახალი პროდუქცია - სალათები, სენდვიჩები, დესერტები თბილისის ფილიალში ადგილზევე დამზადდება“, – განმარტავს სამსონიძე.

აღსანიშნავია, რომ „GÉNOISE“ (ჟენუაზი) თავისი სახელწოდებით ფრანგულ ტრადიციას ეხმიანება – ბისკვიტის კლასიკური სახელიდან იღებს სათავეს და სიმბოლურად ასახავს იმ ფილოსოფიას, რასაც კომპანია უკვე წლებია მისდევს – ნატურალურ ინგრედიენტებზე, ხარისხსა და ნამდვილ გემოზე დაფუძნებულ საკონდიტრო ხელოვნებას.

სამსონიძის ინფორმაციით, 230 კვადრატულ მეტრ სივრცეში განთავსებული ობიექტი კომბინირებული ფორმატის იქნება - საკონდიტრო, ბულანჟერია და კაფეტერია ერთად. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მიზანი „განსაკუთრებულად თბილისური გარემოს“ შექმნაა, დახვეწილი ინტერიერითა და ელეგანტური ატმოსფეროთი.

„გვინდა, რომ GÉNOISE იყოს სივრცე, სადაც სტუმარი არა მხოლოდ გემრიელ დესერტს, არამედ ესთეტიკურად გამორჩეულ გარემოსაც ეზიარება. ეს იქნება ჩვენი საავტორო ხაზის გაგრძელება – დახვეწილი, გემოვნებიანი და გულით გაკეთებული“, – ამბობს ლალი სამსონიძე.

მისივე თქმით, ახალ ფილიალში 25-30 თანამშრომლის დასაქმება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები