მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს იქნება ბუსტერი კაპიტალის ბაზრისთვის - იპოთეკური ობლიგაციების კანონს სებ-ი იმედით უყურებს

63248d509f38b
BM.GE
16.09.22 19:00
745
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნიკოლოზ გაგუამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კანონი მიღების შემთხვევაში კაპიტალის ბაზრისთვის ბუსტერის როლს შეასრულებს.

საუბარია კომერციული ბანკებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემაზე, რომ მათში არსებული იპოთეკური სესხების პორტფელის უზრუნველყოფით ახალი ობლიგაციები გამოუშვან და ამ გზით ახალი კაპიტალი მოიზიდონ. ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, ამ კანონპროექტის მიღებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ელიან, რადგან მათ ამ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება სურთ.

“ეს კაპიტალის ბაზრისთვის არამხოლოდ ახალი პროდუქტი, არამედ ახალი ტიპის ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობაცაა. იპოთეკით დაცული ობლიგაციები ითვლება რისკიანობით მთავრობის ფასიანი ქაღალდების შემდეგ მეორე დონედ. გარდა ამისა, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ სწრაფად განვითარდა და ინტენსიურად გავედით საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდეთ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ლარის ფასიან ქაღალდებში დებენ ფულს. ეს არის ამ ინვესტორებისთვის საქართველოში საქმიანობის გაგრძელების ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ინვესტირება მოახდინონ იპოთეკით დაცულ ობლიგაციებში. საუბარია მსხვილ საერთაშორისო ბანკებზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე, რომლებთანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვაქვს, რადგანაც ისინი ელოდებიან ამ პროდუქტის შემოსვლას ბაზარზე. ელოდებიან საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას იმისთვის, რომ ინტენსიურად დაიწყონ ინვესტირება,”- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

იპოთეკური ობლიგაციების კანონის მიღებას მიესალმება თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით ლიკვიდური ბაზარი ჩამოყალიბდეს.

“ინიციატივა ძალიან კარგია და ასეთი პრაქტიკა ევროპაში განვითარებულია. ცალკე კითხვაა შექმნის თუ არა ეს დიდ მატერიალურ განსხვავებას, რასაც ზუსტად ვერ გეტყვით. ეს ბაზარი კარგია მაშინ, როცა ლიკვიდურია [პორტფელი], ანუ როცა მაგალითად ბანკებს შეუძლიათ იპოთეკური პორტფელი ინვესტორებზე გაყიდონ. ევროპაში როცა პრობლემებია, კრიზისია და როცა ინვესტორი ბანკს არ ენდობა, მას მაინც შეუძლია სახსრები მოიზიდოს. ინვესტორი იტყვის, რომ მთლიანად ბანკს არ ენდობა, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანსაღია და ამის უზრუნველსაყოფად ინვესტიციებს მოვიზიდავთ. აქ სირთულე არის ის, თუ რამდენად შეიქმნება ასეთი ლიკვიდური ბაზარი, ეს რთული სათქმელია. ამ ნაწილში ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია, თუმცა ეს ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია”,-აცხადებს ნადარაია.

“იპოთეკური ობლიგაცია - არის კომერციული ბანკის (მათ შორის, რეფინანსირების ბანკის) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც უზრუნველყოფილია ისეთი აქტივებით, საიდანაც იპოთეკური ობლიგაციის მფლობელებს, როგორც კრედიტორებს, გააჩნიათ უპირატესი და პირდაპირი დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,”- წერია კანონის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები