„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ქართული ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტიის მიერ ინიციირებულ "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
„სამწუხაროდ, ბევრი უპასუხისმგებლო დონორია, ვისთანაც თვეები, წლები ვსაუბრობდით იმაზე, რომ პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ. ვხედავთ, რომ ფულს მისცემენ, შემდეგ ამ ფულით ხდება – მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება, ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ძალადობრივი აქტები. ამის თაობაზე დონორებს როცა ვეკითხებით, ისინი ხელს იბანენ, მათი პასუხისმგებლობა თითქოს არ არის. ასე არ გამოვა და არც შეიძლება. ისინი თავისი ქვეყნის ხალხის ფულს ხარჯავენ და პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ. ისინი ჩვენი საზოგადოების ინტერესებს აზიანებენ, როცა მოლოტოვის კოქტეილების რეკლამირების და ა.შ. დაფინანსება ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ცვლილებები დონორებს შეეხება და არა ენჯოებს.
„სისტემა იქნება, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე. დონორს თუ სურს, რომ გრანტი გასცეს, მან მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს უნდა მიმართოს და თანხმობა მიიღოს გრანტის გაცემაზე. ამით უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება მოქალაქეებისთვის და ყველას ეცოდინება, რა ფული ტრიალებს, რა ფინანსდება, რა პროექტები ფინანსდება. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება, რომ ეს მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესებით და არა ესტონეთის ხელისუფლების ინტერესით, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესით. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ყველაფერი ჩვენს ინტერესებში უნდა ხდებოდეს და არა, სხვა ხალხების და მათი პოლიტიკური ინტერესებით, რაც სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.