მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება - ივანიშვილის ადვოკატი ბაჩიაშვილისთვის 5,000 ბიტკოინის მოთხოვნაზე

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილისთვის 5,000 ბიტკოინის მოთხოვნა (საბაზრო ფასი $527 მილიონი) მუქარას არ წარმოადგენდა და ის ჩვეულებრივი მოლაპარაკება იყო. შესაბამისი განცხადება წიქვაძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა. საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა 23 იანვრიდან დაიწყო.

გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვა მუქარის წერილი, რომელიც მისმა ადვოკატმა მიიღო. წერილის თანახმად, ივანიშვილი ბაჩიაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდა 5,000 ბიტკოინის გადახდას, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ის ამ თანხას არ გადაიხდიდა, ყოველ გადაცილებულ თვეზე ძირი თანხისთვის 500 ბიტკოინის დამატება მოუწევდა, რასაც ბაჩიაშვილი კრიმინალურ "შოჩიკს" უწოდებს. აღნიშნული წერილი თემო წიქვაძემ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატს ლევან მახარაშვილს გაუგზავნა.

„ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა, მხარეებს შორის მორიგება მომხდარიყო. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არაა. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება და პირიქით, კარგია. ეს არის ელემენტარული პირობა [პროცენტის გაზრდა]. არაერთხელ მქონია კომუნიკაცია როგორც ბრალდებულთან, ისე მის ადვოკატთან მათი თხოვნით და იმ კომუნიკაციის დროს მათაც გაუჟღერებიათ თავისი პირობა. მათ ჰქონდათ თავისი პოზიცია გაჟღერებული, რომ გარკვეულ პირობებზე თანახმა იყვნენ. ეს ჩვენი მხარისთვის მიუღებელი იყო. შემდეგ ჩვენ ჩვენი პოზიცია შევთავაზეთ.

მორიგებით ზოგადად, ყველა მხარეა დაინტერესებული და ეს ნორმალურია. ჩვენი პირობები, რაც მას წარვუდგინეთ, წინასასამართლო სხდომამდე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ არ იყო ჯერ გადაწყვეტილი, საქმე არსებით განხილვაში გადაეცემოდა სასამართლოს თუ არა. ამიტომ ლოგიკური, სწორი და ძალიან კარგი იყო ეს. ჩვენი განზრახვა და ჩემი სურვილი ვიღაცის დასჯა კი არ არის, უბრალოდ პოზიციებს ვიცავთ. მიგვაჩნია, რომ ჩემი მარწმუნებლის ბიტკოინები მითვისებულია და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. არავითარი კრიმინალური „შოჩიკები“ არავისთვის არ არის ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს, "ვოთსაპის" მეშვეობით. შეთავაზება ერქვა ამას და გადაეგზავნა. არავის არაფერი გაჰკვირვებია“, - განაცხადა წიქვაძემ.

ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის 9,000 ბიტკოინს ედავება

ივანიშვილი დაობს, რომ 2015 წლის ივნისში გაცემული $5 მილიონის სესხით, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაზე “ქართუ ბანკის” მიერ გაიცა, ბაჩიაშვილმა განახორციელა წარმატებული ინვესტიცია კრიპტოვალუტების მოპოვებაში და წმინდა მოგების სახით დიდი ოდენობის ბიტკოინები მიიღო. საქმეზე პროკურატურამ პირველი განცხადება 2023 წლის 6 ივლისს გააკეთა, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წაუყენეს. მაშინდელ განცხადებაში მითითებული იყო 8,253 ბიტკოინი, თუმცა უკვე გუშინ საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ წარდგენილი ბრალი 9,000 ბიტკოინის მითვისებას შეეხება. ამ კრიპტოვალუტის ღირებულება დღევანდელი ფასით 949 მილიონი დოლარია.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების შეფასებით, საქმე აბსურდულ ბრალს უკავშირდება, რადგანაც კონტრაქტი მიღებული მოგების განაწილებას არ უკავშირდებოდა და ის ჩვეულებრივი საბანკო სესხის სახეს ატარებდა.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კრიპტოვალუტის ბიზნესში აქტიურად ინვესტირება და სჯეროდა ამ ტექნოლოგიების პერსპექტიულობის. მან 2015 წელს პირადად მიაღწია შეთანხმებას "ბითფიურისთან", კერძოდ "ბითფიური" თანახმა იყო, რომ ბაჩიაშვილთან გაეფორმებიანა ერთწლიანი კონტრაქტი კრიპტოვალუტის მაინიგის შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 6,3 მილიონი დოლარით. საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი კონტრაქტი.

გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული დროისთვის მობილიზებული ჰქონდა 1,3 მილიონი დოლარი, ესაჭიროებოდა სესხი 5 მილიონის ოდენობით და ვინაიდან მას საკუთარი თანამონაწილეობის გარდა არ ჰქონდა სხვა უზრუნველყოფა, მარტივი არ იყო ბანკში სესხის აღება. დიდი ხნის საქმიანი და პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მან ბიძინა ივანიშვილს სთხოვა დახმარებოდა "ქართუ ბანკში" სესხის აღებაში. აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მანამდე სხვა არაერთ პირსაც დახმარებია სესხის აღებაში. საბოლოოდ, ბაჩიაშვილის კომპანიამ ბანკ "ქართუსგან" 1 წლის ვადით აიღო სესხი 5 მილიონი დოლარის ოდენობით, წლიურ 12 პროცენტად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა სესხის აღების სხვა ალტერნატივა, რაზეც მან დეტალურად ისაუბრა გამოკითხვისას, უბრალოდ ბანკი ქართუს პირობები იყო უფრო მისაღები.ზუსტად 1 წელიწადში და რამდენიმე თვეში, ბაჩიაშვილის კომპანიამ ბანკი "ქართუს" კრედიტი დაფარა სრულად პროცენტის ჩათვლით,"- განაცხადა მახარაშვილმა საქმის დეტალებთან დაკავშირებით.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები