ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობიდან წასვლას საკადრო ცვლილების საფუძველი აქვს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ახალმა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო.
„საუბარი მანამდე უკვე იყო შემდგარი მაკა ბოჭორიშვილსა და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის. გადაწყვეტილება უკვე იყო მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. ამ შემთხვევაში თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა მას სისტემაში დარჩენა შესთავაზა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება არ ვიცი, მაგრამ ეს არის ის ფაქტები, რაზეც საუბარი შემიძლია“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ჯანჯალია საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე 1998 წლიდან მუშაობდა. 2021 წლის 9 ივნისიდან ის მინისტრის მოადგილე იყო.