„ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა "ოცნების" მიერ დაინიცირებულ მედიის შესახებ კანონპროექტს ანტიმედიური უწოდა. როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, ეს კანონპროექტი არის "თავისუფალი მედიისთვის ლაგამის ამოდების და მოთვინიერების მცდელობა". ის დასძენს, რომ ეს რეგულაცია, პირველ რიგში, რეგიონული მედიებისთვის იქნება დამაზარალებელი, თუმცა თბილისში არსებულ მედიებზეც მოახდენს გავლენას.
„ამ რეგულაციებით, ერთი მხრივ, შეეცდებიან, რომ მედიები ფინანსურად მათზე დამოკიდებული გახადონ, ვგულისხმობ სახელმწიფო ან „ოცნების“ რესურსზე. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს დააზარალებს რეგიონალურ მაუწყებლებს, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ არსებობენ და ქმნიან საზოგადოებრივ აზრს. ამიტომაც, ის, რომ გრანტებს და დასავლური ფულის შედინებას პირდაპირი მნიშვნელობით კანონით კრძალავენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რეგიონალურ მაუწყებლებს დაარტყამს. ის ასევე დაარტყამს დამოუკიდებელ არაკონტროლირებად მედიებსაც, რომლებიც თბილისში არიან განთავსებული“, - ამბობს ლაშა ტუღუში.
მისივე თქმით, შემდეგი რეგულაციები, რაც მედიასთან დაკავშირებით "ოცნებას" აქვს დაგეგმილი, მედიის საქმიანობაში ჩარევის საფრთხეს ქმნის. როგორც ტუღუში ამბობს, "ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ მედიები მოახრჩონ, რაც არაერთხელ დააანონსეს"
„საკითხები, რომლის შემოტანაც აქ უნდათ კანონის სახით, ძირითადად ეთიკის სტანდარტს ეხება. ეს თვითრეგულირების საკითხი უნდა იყოს და არა კანონების ნაწილი, რადგან შემდეგ კანონების ინტერპრეტირება დაიწყება, ჩაერევა ე.წ. ვითომ დამოუკიდებელი სასამართლო და გასაგებია, ეს რაც არის. გეტყვიან შავზე თეთრია, არ ხარ ობიექტური.
ძალიან საშიში ნაბიჯია თავისუფლებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, დემოკრატიისთვის, მედიისთვის, ჟურნალისტებისთვის. ეს მოსალოდნელი იყო, არ ვარ გაკვირვებული, რადგან ისინი ამას დიდი ხანია გვპირდებოდნენ“, - განაცხადა „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ.

























